
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბესელია, ადამიანის უფლებებს არღვევს?!
15:11:22     22-03-2013
მედიის განვითარების ფონდი, შეშფოთებას გამოთქვამს, ბოლო დღეებში, მედია-საშუალებებით, ადამიანის პირად საიდუმლოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ტირაჟირების გახშირების გამო და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას აკრიტიკებს.
ფონდის მიერ, 19 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია: „განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ასეთი ინფორმაციის გამოყენება, ჟურნალისტის კრიტიკული შეკითხვის საპასუხოდ ხდება. სწორედ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას შემთხვევა, რომელმაც 2013 წლის 14 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ, რეგიონულ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, კრიტიკული შეკითხვა ფოთში არსებული სიტუაციის შესახებ დასვა.
ამის საპასუხოდ, კრიტიკის ადრესატმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ჟურნალისტის აქტიურობა, მის პირად ოჯახურ პრობლემებს დაუკავშირა.“
„გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, უგულვებელყოფს კონსტიტუციურ ნორმას და საჯარო დისკურსში შემოაქვს, ისეთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვა, რომელსაც არც საჯარო პოლიტიკასთან და არც განსახილველ თემასთან, არავითარი საერთო არა აქვს“,– აცხადებს ორგანიზაცია, რომელიც მოუწოდებს ეკა ბესელიას და სხვა საჯარო პირებს, „პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებას და თავიანთ არგუმენტაციაში, ადამიანის პირადი საიდუმლო არ ხელყონ.“
ამას გარდა, ეკა ბესელიას, ფოთში კლანის შექმნაშიც ადანაშაულებენ. მართალია, ბესელია ამტკიცებს, რომ თანამდებობებზე მისი რეკომენდაციით, მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით ინიშნებიან, ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ: ბესელია, შსს ფოთის სამმართველოს უფროსთან, ზურაბ ალანიასთან, რომელიც მამამისის დეიდაშვილია, ნათესაურ კავშირს არ უარყოფს.
მისი თქმით, პროფესიონალიზმის ნიშნით, ალანიას რეკომენდაცია თავად გაუწია: „პოლიციის უფროსთან დაკავშირებით, მე პასუხისმგებლობას ვიღებ. მე მას რეკომენდაცია გავუწიე. ის არის ჩემი ნათესავი. რეკომენდაცია გავუწიე, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ხარ ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატი, გყავდეს აქ პროფესიონალი კადრი, ვისი ნდობაც შეიძლება. ის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა პოლიციის," - აცხადებს TSpress- თან საუბრისას ბესელია.
ბესელია, შემოსავლების სამსახურის ფოთის სერვის–ცენტრის უფროსად, საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი აქტიური წევრის, ლევან ჩოჩიას დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ მას, ამჟამად უწევს რეკომენდაციას.
მისი მეუღლის, ზურაბ გუბელაძის გენერალურ პროკურატურაში დასაქმების თაობაზე ამბობს, რომ ის ყველაზე დაბალ თანამდებობაზე ახლაა. ეკა ბესელიას თქმით, ის იყო მოსამართლე, კოლეგიის თავმჯდომარე, სხვადასხვა ქალაქებში მთავარი პროკურორი, დღე კი მხოლოდ რიგითი პროკურორია.
მაჟორიტარის რეკომენდაციით დაინიშნა ფოთში, ქალაქის მერი, დავით სარსანია და „ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია. „ქართული ოცნების" ადგილობრივ შტაბში საუბრობდენ, რომ კაკულიას მერობაზე უარის თქმა და კონკურსში მონაწილეობის მიღება, ეკა ბესელიამ გადააფიქრებინა, სანაცვლოდ კი, „ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შესთავაზა, რადგან მერის პოსტზე ბესელია, ფოთის ამჟამინდელ მერის, დავით სარსანიას კანდიდატურას უჭერდა მხარს. ბესელია ამასაც უარყოფს.
ეს გახლავთ ფაქტი, რომლის გამოც, ივანიშვილმა ბესელიასთან დაკავშირებით, საჯაროდ გაკეთებული განცხადება, წესით უნდა შეასრულოს და პარტიიდან გარიცხოს. ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრიდონ კვარაცხელიამ, TSpress - თან საუბრისას, ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. „ეკა ბესელიამ მითხრა, რომ ფოთში "ქართული ოცნება" ვარ მხოლოდ მე და ყველაფერი მე მეხებაო,"– იხსენებს "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი, ფრიდონ კვარაცხელია.
მისი განმარტებით, ბესელია, ასე პარტიის სხვა წევრებსაც აფრთხილებდა და ეუბნებოდა, რომ ქალაქში ყველა საკითხი მასთან შეთანხმებით უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან ის იმისათვის გამოუშვეს, რომ ფოთს მიხედოს. მერის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში, მართლაც ბესელიას ფავორიტმა, დავით სარსანიამ გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს, პრემიერ–მინისტრსა და რეგიონულ ჟურნალისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე TSpress.ge–ს რედაქტორმა ელისო ჯანაშიამ, ბიძინა ივანიშვილს კითხვა ეკა ბესელიას შეუზღუდავ ძალაუფლებასთან და მის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუსვა: „მერი, პროკურორი, პოლიციის უფროსი, საგადასახადოს უფროსი, მერის მოადგილეები, დანიშნული არიან ბესელიას რეკომენდაციით. სრულად აკონტროლებს საკრებულოს, ერევა საბიუჯეტო პროცესებში, რაც არ არის მიზანშეწონილი. ასევე, პირად საუბარში გააკეთა ასეთი განცხადება, რომ თქვენ მას ჩააბარეთ ფოთი,“ - განაცხადა ელისო ჯანაშიამ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ფაქტის დასახელება მოითხოვა.
„თუ თქვენ გაქვთ ფაქტი, რომ ბესელია აცხადებს, თითქოს ივანიშვილმა ფოთი მას ჩააბარა, გარწმუნებთ, რომ ის გუნდიდან გაირიცხება ამ ფრაზისთვის. როგორ შეიძლება ეს? ამაზრზენია“, – განაცხადა საპასუხოდ პრემიერ–მინისტრმა, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ფოთში, ადგილობრივ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები, უხმაუროდ და მშვიდობიანად წარიმართა.