კრწანისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს

  13:18:47     12-01-2011

კრწანისის სასწავლო ცენტრში, აფეთქების შედეგად დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მკურნალობას 12 პაციენტი აგრძელებს. თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, გუშინ, გვიან ღამით დასრულდა ერთერთი სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ალექსანდრე  თომაშვილის ოპერაცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პაციენტს კისრის მარცხენა მხარეს ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ტრაქეის მთლიანობის დარღვევით. ქირურგიული ჩარევის შედეგად პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, ჯერჯერობით, დაჭრილი ჯარისკაცი რეანიმაციის განყოფილებაში რჩება.

ჯარისკაცთა მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომაც გააკეთა. მინისტრის მოადგილის, მიშა დოლიძის თქმით, დაშავებული ჯარისკაცების უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და მხოლოდ ერთი პაციენტი გადის პოსტოპერაციულ ინტენსიურ თერაპიას. გვიან ღამით თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მივიდა, რომელიც თომაშვილის მდგომარეობას პირადად გაეცნო. დაჭრილის მიყვანის წუთიდან საავადმყოფოში იმყოფება ალექსანდრე თომაშვილის დედა, რომელსაც შვილის ნახვის საშუალება მხოლოდ პალატის გარედან მიეცა.

 „ოპერაციის შემდეგ გარედან დავინახე, მაგრამ ნარკოზის ქვეშ იყო, ამ დილით კი ფანჯრიდან შევიხედე და გამიცინა. ხელით ვანიშნე, რომ ჩუმად ყოფილიყო, რადგან ლაპარაკი არ შეიძლება. რახან გადარჩა, არაფერს ვჩივი...“

გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედპერსონალის განცხადებით, ჯარისკაცების ჭრილობების უმრავლესობა ნაფლეთი ხასიათის იყო. ექიმის, ვახტანგ ქაცარავას განცხადებით, უმრავლესობას კისრის არეში მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ნამსხვრევები ფილტვებამდე იყო მისული. იყო ორივე ფილტვის დაზიანების შემთხვევებიც. ამჟამად, ყველა დაჭრილის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ დაჭრილ ჯარისკაცებთან მნახველების შეშვება  დღეს ისევ შეზღუდულია. დაჭრილთა ოჯახის წევრებს პაციენტებთან შესვლის უფლება გუშინ მხოლოდ რამდენიმე წუთით მიეცათ. შეზღუდვა იმ ჯარისკაცებს ეხება, რომლებიც რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებიან, ინტენსიური თერაპიის პალატებში გადაყვანილ პაციენტებთან მნახველების დაშვება გათვალისწინებულია ჰოსპიტლის შინაგანაწესის მიხედვით დადგენილი წესით, ანუ, დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში.

თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების გამო ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, ნებისმიერი პირის დასჯა კანონის სრული სიმკაცრით მოხდებოდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში სამხედრო პოლიციამ სამი მაღალჩინოსანი დააკავა. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის დაკავებული არიან ეროვნული სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსის უფროსი – საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასებისა და მომზადების კურსის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელიაძე, საცეცხლე პოზიციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი და პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეიის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 403–ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 6–დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით არ კონკრეტდება.

იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა, გამორიცხული არ არის, დაკავებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. საბოლოო დასკვნა დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.