
„ინფო-9“– ის ჟურნალისტებს, თავის დროზე, ხელფასები დააკლეს
17:46:36     21-03-2013
„ინფო 9“ – ის ყოფილი ჟურნალისტები, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ამჯერად, სამსახურიდან გათავისუფლებულმა ათეულობით ჟურნალისტმა, ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის გამართვა გადაიფიქრა და პრემიერ-მინისტრს ოფიციალურ შეხვედრას წერილობითი ფორმით სთხოვს.
ჟურნალისტები, პრემიერისგან მიცემული დაპირების შესრულებას ითხოვენ. მათ დაპირდნენ, რომ უმუშავარი „ინფო 9“– ის არცერთი ჟურნალისტი, არ დარჩებოდა. რამდენიმე ათეული ჟურნალისტი და ოპერატორი, დღემდე უსამსახუროდაა დარჩენილი. პრემიერი კი, „ინფო-9“– ის ხელმძღვანელი პირების მიერ დათხოვნილ ჟურნალისტებს ახლოს არ იკარებს. მიუხედავად აჟიოტაჟისა, მისივე მფლობელობაში მყოფი მედია-საშუალების ყოფილ თანამშრომლებს, დღემდე არ შეხვედრია.
„ინფო 9“– ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი საკარული: „ ჩვენ, „ინფო9“– ის ჟურნალისტები, შევიკრიბეთ და ასე გადავწყვიტეთ, რომ აქცია გადავდოთ და ცივილური ფორმით ვეცადოთ სიტუაციის დარეგულირებას., ჟურნალისტებმა, ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ, რომ წერილი გავგზავნოთ პრემიერ-მინისტრის აპარატში, ქალბატონ ცქიტიშვილთან. ამ წერილით, ჩვენ ვითხოვთ ბატონ ბიძინასთან შეხვედრას და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე საუბარს. ვიფიქრეთ, რომ ჯერ ამ ფორმით გვეცადა ჩვენი ხმის მიწვდენა ბატონ ბიძინამდე. თუ არ მოხდება ამ ორი კვირის განმავლობაში მასთან შეხვედრა, შემდგომ დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს.
- რას ითხოვთ ივანიშვილისგან?
- ბევრი კითხვა გაჩნდა არჩევნების შემდეგ, თუმცა ამ კითხვების გასაჯაროებისგან, ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ შეგვხვდება და შემდგომ გაიგებს საზოგადოება, თუ რაზე გვქონდა პრემიერთან საუბარი. საკმაოდ ბევრი ადამიანია გათავისუფლებული „ინფო-9“-დან.
- როგორც ცნობილი ხდება, დებ ელიაშვილების წინააღმდეგ გაქვთ სერიოზული არგუმენტები..
- კონკრეტულად, ეს ელიაშვილების საწინააღმდეგო აქცია არაა. ჩვენთვის „ინფო-9“– მ ბევრი რამ შეცვალა, იყო და დარჩება ჩვენს ოჯახად.
- თუმცა, ზოგიერთებს ვადაზე ადრე გაუწყვიტეს ხელშეკრულებები?
- პირადად ჩემთვის არ დაუკლიათ, მაგრამ ბევრ ჟურნალისტს, როგორც მითხრეს, ვადაზე ადრეც შეუწყვიტეს ხელშეკრულებები და ბევრს ხელფასიც დააკლეს. 6 თვის შემდეგ, მე გამიგრძელა მანანა ელიაშვილმა დეკემბრამდე ხელშეკრულება, მაგრამ მოხდა ასეთი რამ: მე ვმუშაობდი ხაშურის რეგიონში და ერთხელაც მოვდიოდი თბილისისკენ და გზაში ვიგებ, რომ მე სამსახურიდან უნდა წავსულიყავი. ანუ ხაშურში ადგილობრივი ჟურნალისტი დარჩებოდა მხოლოდ. ვალერი გელაშვილს, მაჟორიტარ დეპუტატს უნდა დაესაქმებინა ადგილობრივი კადრები. ფიზიკურად, აღარ დამტოვეს იქ. ჩემი ადგილი თბილისში არ აღმოჩნდა, შტატები არაა თავისუფალიო. პრესკონფერენციაზე თქვა ივანიშვილმა, რომ „ინფო -9“– სა და „მეცხრე არხის“ არცერთი ყოფილი თანამშრომელი უსამსახუროდ არ დარჩებაო. მის სიტყვებს ვციტირებ. ჩვენ, სწორედ ამას ვითხოვთ.
ვთხოვ ყველას, ამას ნურავინ ნუ დაუდებს პოლიტიკურ სარჩულს. დაიწყეს საუბარი, რომ ეს აქცია მართვადია და „ნაციონალების“ წისქვილზე ვასხამდით წყალს. გამორიცხეთ პოლიტიკა. პოლიტიკოსი რომ მოსულიყო აქციაზე, გავაგდებდით იქიდან. ეს არის ჩვენი პროტესტი და ჩვენ გვაქვს ერთი მოთხოვნა, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და მასთან საუბარი. ჩვენ, ჯერ დაველოდებით პრემიერის გადაწყვეტილებას, თუ არ შეგვხდება, მაშინ დავიწყებთ აქციებს“.