
ბათუმელები მურმან დუმბაძის წინააღმდეგ
15:08:06     21-03-2013
ღოღობერიძის ინფორმაციით, დუმბაძის გადადგომის მოთხოვნა, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აჭარაში ნეპოტიზმის ფაქტები გახშირდა. „ბათუმში ნეპოტიზმის სამარცხვინო ფაქტები ხდება. დუმბაძემ ვარშალომიძის კლანი ჩაანაცვლა. დუმბაძე და ძმანნი მისნი, დაკავებულნი არიან იმით, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს გამგეობიდან და ვინ დაინიშნოს. მურმან დუმბაძე ცდილობს, ბათუმის მერად, ზურაბ პატარაია დაინიშნოს. ბათუმელები მოვითხოვთ, მერობის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა იყოს წარმოდგენლი და შემდგომ მოხდეს შერჩევა", - აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.
„პრესა.ჯი“, მურმან დუმბაძესთან დაკავშირებას, ბოლო რამდენიმე საათია ცდილობს, თუმცა ის სატელეფონო ზარს არ პასუხობს. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, პარლამენტის უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა, უმრავლესობის წევრთა მიერ, თანამდებობაზე ნათესავებისა და ახლობლების დანიშვნის შესახებ ისაუბრა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის მამიდაშვილი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობს. დუმბაძის დეიდაშვილი, ჯამბულ კურცხალია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა, ქვისლი, სულიკო ქებაძე, განათლების მინისტრის მოადგილეა, დისშვილი კი, აჭარის საკანონმდებლო ორგანოშია დასაქმებული.
ოპოზიციის ბრალდებებს, დუმბაძემ 11 თებერვალს ტელეკომპანია „25 არხის” გადაცემა „დიალოგში” უპასუხა და დაადასტურა, რომ რომ მისი ახლობლები აჭარაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებიან. „უცნობს, არავითარ შემთხვევაში არ მივცემ რეკომენდაციას, მე რეკომენდაციას ვაძლევ მხოლოდ ახლობლებს”, - განაცხადა გადაცემის ბოლოს დუმბაძემ და იქვე დასძინა, რომ თანამდებობაზე პირის წარდგენამდე მასთან „ერთი ფუთი მარილის ჭამა" აუცილებელია.