ე.წ. კანონიერი ქურდები ვაზაგაშვილის მემორიალთან იმყოფებოდნენ

  13:15:02     21-03-2013

შს სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე  ჩამოვიდა შაქრო კალაშოვის დაჯგუფების წევრი,  ე.წ. კანონიერი ქურდი, ჯემალ მამოიანი, იგივე „ჯეკო ტბილისკი“. 

პოლიციის მაღალჩინოსანმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, რომ წუხელ, მამოიანმა და კიდევ სამმა კანონიერმა ქურდმა, ღამის 11 საათზე, სანაპიროზე, იუსტიციის სახლის წინ პატივი მიაგეს თეა წულუკიანის მიერ აღმართულ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მემორიალს. ცნობისთვის, ხუბულოვი გახლდათ ერთერთი კოლონიის „მაყურებელი“ (ის და ვაზაგაშვილი კორტებთან პოლიციის სპეცოპერაციისას დაიღუპა).

როგორც ბიძინამ თქვა, საქართველოში, ჭეშმარიტად „აღორძინების“ ხანა დაიწყო. ქურდები ბრუნდებიან, „მაყურებლებს“ კი, იუსტიციის სახლებთან ძეგლებს უდგამენ.

სამართალდამცველებს, დაინტერესებულ პირებს, ურწმუნო თომებს და „აღორძინების ხანაში შეღწეულებს“, აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, შეუძლიათ ამოიღონ იუსტიციის სახლის წინ არსებული ვიდეო–თვალით გადაღებული კადრები. კადრებში ცხადად გამოჩნდება, რომ მემორიალთან მამოიანი და მისი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ.

„პრესა.ჯი“ კომენტარისათვის დაუკავშირდა შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს. გვაინტერესებდა გაგვერკვია - როგორ შემოაღწია ე.წ. კანონიერმა ქურდმა თბილისში (როცა საქართველოს კანონმდებლობით ე.წ. კანონიერი ქურდობა დასჯადია) და რატომ მფარველობს მინისტრი კრიმინალურ ავტორიტეტებს. მსგავსი სახელისა და გვარის ადამიანი საქართველოში არ იმყოფება", - განაცხადა გიორგობიანმა.