
ნოდია: საკონსტიტუციო ცვლილება ივანიშვილის ფობიების მოხსნას ემსახურება
13:16:41     20-03-2013
საპარლამენტო უმცირესობა „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნისა და ფორმირების უფლება ეზღუდება, მხარს დაუჭერს. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხმის მიცემამდე სარეიტინგო კენჭისყრა უნდა ჩატარდეს.
მართალია, ხელისუფლება სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, მაგრამ უსუფაშვილი აღიარებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე ჩავარდება. „პრესა.ჯი“ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტ გია ნოდიას ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: საპარლამენტო უმცირესობა მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცეს, მაგრამ სარეიტინგო კენჭისყრას ითხოვს... შედგა კოჰაბიტაცია?
გია ნოდია: ორ პოლიტიკურ ძალას შორის კოჰაბიტაცია დაწყებულია, თუმცა ცუდად მიმდინარეობს. მიუხედავად საკონსტიტუციო საკითხზე შეთანხმებისა, არა მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის კოჰაბიტაციურმა ჰარმონიამ დაისადგურებს.
უბრალოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ მოეხსნება შიში, რომელიც პრეზიდენტის კონსტუტუციური უფლებებით იყო გამოწვეული.
- თქვენი აზრით, რატომ დათანხმდა, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს?
- ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სვლა და გადაწყვეტილებაა. პრინციპში, ამ ცვლილებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ფობიების მოხსნას ემსახურება.
გამომდინარე იქიდან რომ ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას ისედაც არ აპირებდა, მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყო ამ დათმობაზე წასვლა.
- რამდენად რეალურია არსებული ხელისუფლების პირობებში, საგარეო კურსის უცვლელობის შენარჩუნება?
- ორ პოლიტიკურ ძალას შორის საგარეო კურსზე შეთანხმებას, მნიშვნელოვანი დატვირთვა ნამდვილად ჰქონდა. მიღებული დოკუმენტი პოლიტიკურ გარემოს აჯანსაღებს. მისასალმებელია, რომ საგარეო ვექტორი რეზოლუცაში განისაზღვრა, მაგრამ ეშმაკი სწორედ რომ დეტალებშია. ახლა მნიშვნელოვანია რას მოიმოქმედებს ხელისუფლება ამ კურსის გასამყარებლად.
- რამოდენიმე დღის წინ, „ევროპის სახალხო პარტიის“ საკმაოდ კრიტიკული წერილი ვიხილეთ, სადაც ივანიშვილის ხელისუფლება იყო გაკრიტიკებული. პრემიერმა რეკომენდაცია არა თუ არ გაითვალისწინა, საპასუხო კრიტიკული წერილითაც მიმართა ევროპარლამენტარებს... რას მოგვიტანს მსგავსი ენით საუბარი მეგობრებთან?
- აშკარაა რომ ივანიშვილის გუნდს ევროპაში სერიოზულად აკრიტიკებენ. ევროკავშირსა და ამერიკაში ახალი გუნდის რეპუტაცია საკმაოდ დაბალია, რაც აშკარად აფერხებს ჩვენ მეგობრობას აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან.
ძალიან შემაშფოთებელია ქართული მხარის არაადეკვატური რეაქცია, როდესაც ისინი ირწმუნებიან, რომ ევროპარლამენტართა კრიტიკული ტონი მიხეილ სააკაშვილის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების შედეგია.
სააკაშვილი ასეთი ყოვლისშემძლე რომ ყოფილიყო, თავის დროზე მისი ხელისუფლების მიმართ ევროპარლამენტს კრიტიკა არ ექნებოდა. ამიტომ, უმჯობესი იქნებოდა, „ქართულ ოცნებაში“, ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე, ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და მისი განვითარების გზებზე ეფიქრათ.
ჩემი აზრით, მმართველმა ძალამ ევროპასთან ურთიერთობის პოლიტიკა აუცილებლად უნდა გადასინჯოს.
- „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, პოლიტიკური ძალების დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ არხის ოპოზიციის ზეგავლენისგან დახსნას ცდილობს, უმცირესობაში კი აცხადენენ, რომ ივანიშვილის გუნდს „პირველი არხის“ ხელში ჩაგდება სურს...
- ბუნებრივია, არც ერთი პოლიტიკური ძალა იტყვის უარს, „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის გავლენაზე. თუმცა ცხადია, რომ ხელისუფლების ცვლილება არ უნდა აისახოს ტელევიზიაზე.
ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები თუ არ დარეგულირდა, ეს დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად აუცილებლად აისახება. ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში.
რაც შეეხება ბორდში მიმდინარე პროცესებს, აქ ძალიან დიდ უცნაურობასთან გვაქვს საქმე. უცნაურია, როდესაც ორი თვის წინ არჩეულ ხელმძღვანელს იმ მოტივით უშვებ, რომ თურმე ის სუსტი ხელმძღვანელი ყოფილა.
- რას ემსახურება ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს დაგეგმილი აქცია?
- მიტინგები და აქციები არის პოლიტიკური პროტესტის მიღებული გამოხატულება. გასაკვირი არ არის რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მხარდამჭერთა მობილიზაცია იმის დასამტკიცებლად, რომ ის ხელწამოსაკრავი პოლიტიკური ძალა არ არის.