პუტინი, სარქისიანი და ანქვაბი აფხაზეთის გავლით რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ?

  00:27:31     20-03-2013

სომხეთის პრეზიდენტმა დადასტურა, რომ ერთი კვირის წინ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი იყო.

სერჟ სარქისიანი და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი კრემლში მართლაც პარალელურ რეჟიმში სტუმრობდნენ, თუმცა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხზე შესახებ პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ სარქისიანმა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უფრო მეტიც, მან მართალია, არა კონკრეტულად, მაგრამ ამ თემასთან მიმართებაში ვადებზეც ისაუბრა:

„ვადებთან დაკავშირებით გამიჭირდება რამის თქმა, თუმცა შემიძლია გითხრათ შემდეგი: პუტინთან საუბრისას, მან თქვა, რომ იმავე დღეს აპირებდა აფხაზეთის პრეზიდენტთან შეხვედრას და აუცილებლად განიხილავდა ამ საკითხს. შემდეგ ჩვენ მივიღეთ გამოხმაურება, რომ არის დადებითი პოზიცია და აუცილებელია ძალისხმევა ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადასაჭრელად.“ თუმცა სარქისიანის თქმით, არის ზოგიერთი პრობლემა:

„არის პრობლემა, რომლებიც ქართულ მხარეს უკავშირდება და პრობლემები, რომლებიც აფხაზურ მხარეს უკავშირდება. ასევე არის რუსეთთან დაკავშირებული პრობლემაც, მხოლოდ ჩვენ არ ვქმნით პრობლემას და ჩვენი სურვილი დიდია. მე ამ საკითხში დადებით ძვრებს ველოდები, რაც კოლოსალურ სარგებელს მისცემს ჩვენს ეკონომიკას და არა მარტო მას“ - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა და იქვე დაიანგარიშა: „იმისათვის, რომ დღეს მოსკოვიდან რკინიგზით ერთი ტონა ტვირთი ჩამოვიტანოთ, 190 დოლარს ვიხდით. ეს საშინლად დიდი ფასია. მე ამ საკითხთან მიმართებაში დიდი იმედები მაქვს“ - განაცხადა სარქისიანმა.