მუშტი-კრივი საკანონმდებლო ორგანოში (ვიდეო)

  23:40:04     19-03-2013

დეპუტატებმა პარლამენტის დარბაზში ხელჩართული ბრძოლა გამართეს. უკრაინის რადას თავმჯდომარე იძულებული გახდა სხდომა შეეწყვიტა და მოჩხუბარი ფრაქციების თავმჯდომარეები კაბინეტში დაებარებინა.

სიტუაცია დარბაზში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი რეგიონების პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ სიტყვა რუსულ ენაზე წარმოსთქვა. ოპოზიციური ფრაქცია „თავისუფლების“ წევრები ამ დროს სკანდირებდნენ: უკრაინული, უკრაინული!

ამის შემდეგ ტრიბუნა ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიკავა, რომელმაც ყვირილით დაიწყო თავისი გამოსვლა და სკანდირებდა - „დიდება უკრაინას“, უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე კი პროვოკაციაში დაადანაშაულა. ამ დროს ტრიბუნასთან მოგროვდნენ სხვა ოპოზიციონერებიც, რომლებსაც მმართველი პარტიის წევრებიც შეერივნენ და ჩხუბიც დაიწყო. ერთ-ერთ ქალბატონ დეპუტატს რეგიონების პარტიიდან ტუჩი გაუხეთქეს, მამაკაცები კი ერთმანეთის მუშტებს უკვე მიჩვეულები არიან, რადგან უკრაინის რადაში ბოლო პერიოდში სხდომათა დარბაზი, პრაქტიკულად, რინგადაა ქცეული.