რატომ ებრძვის წულუკიანი კბილაშვილს?

  11:17:37     19-03-2013

თეა წულუკიანმა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი, თვითმარქვია მინისტრს უწოდებს, არჩილ კბილაშვილის კადრი, თბილისის პროკურორი,  დავით კოჭლამაზაშვილი ჩააჩოჩა. დედაქალაქს, წულუკიანის ინტრიგებისა და კოჭლამაზაშვილის დისკრედიტაციის წყალობით, დღეიდან ახალი პროკურორი - მაია მწარიაშვილი ეყოლება.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალ პროკურორს თბილისის პროკურატურაში იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი წარადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ კბილაშვილ-წულუკიანის დაპირისპირება საკმაოდ მწვავეა, ისინი გარეგნულად მაინც ინარჩუნებენ „ერთიანობას“.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, წულუკიანს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს პოლიტიკური მოტივით დევნის, კბილაშვილის კურსელის, დავით კოჭლამაზაშვილის ჩამოლაბორანტებაში, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, შს მინისტრ ღარიბაშვილის სიმამრის დიშვილი გამოიყენა. 

მან მიაწოდა ღარიბაშვილს მაკონპრომეტირებელი ინფორმაცია კოჭლამაზაშვილის შესახებ. ღარიბაშვილმა კი, მოპოვებული ინფორმაცია იუსტიციის მინისტრს უპატაკა და შედეგიც დადგა - კოჭლამაზაშვილი თბილისის პროკურორის თანამდებობიდან მოხსნეს.

კოჭლამაზაშვილი ერთ დროს სიღნაღის პროკურორად მუშაობდა და არცთუ დადებითი რეპუტაციით სარგებლობდა. თუმცა, მიუხედავად ასეთი უმწიკვლო „ბეგრაუნდისა“, არჩევნების შემდეგ კბილაშვილმა ის თბილისის პროკურორად დანიშნა.

მართალია, წულუკიანი არ იმჩნევდა, მაგრამ მას ყოველთვის უნდოდა დედაქალაქის პროკურატურა პირადად ეკონტროლებინა, რაშიც შს სამინისტრო დაიხმარა. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას კომპრომატები აქვს თბილისის პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნებზეც, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოიტანენ სააშკარაოზე.

რაც შეეხება მაია მწარიაშვილს, ის 2012 წლიდან პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი იყო. მას აქვს პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება. მწარიაშვილმა, დანიშვნამდე პირობა დადო რომ „ემსახურება თეა ავთანდილის ასულ წულუკიანს“...