
ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები თანამდებობებზე
17:34:44     18-03-2013
ამ სათურით სტატიას დღეს კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები, განსაკუთრებით მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ახლობლები, სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ და თამაზ თამაზაშვილის ცოლის ძმამ, დამ, სიძემ, დის შვილმა, შვილის მეგობრებმა სამსახურების უფროსების პოსტები გადაინაწილეს.
ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ასეთია: „ირაკლი ღარიბაშვილის და თეა ღარიბაშვილი დაინიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდში პროექტების ანალიზის განყოფილების უფროს სპეციალისტად.
ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დის შვილი ზვიად ჯანყარაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა; წინასაარჩევნოდ ზვიად ჯანყარაშვილი „ქართული ოცნების“ სიღნაღის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი დაინიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. ამ თანამდებობაზე ის საპარლამენტო არჩევნებამდეც მუშაობდა.
შს მინისტრის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის და, თამარ თამაზაშვილი დაინიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად.
თამარ თამაზაშვილის მეუღლე ვასიკო აბულაშვილი დაინიშნა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ დედოფლისწყაროს სერვის – ცენტრში აღრიცხვის სამსახურის უფროსად.
თამაზ თამაზაშვილის ცოლის მაია თამაზაშვილის ძმა ნუგზარ პაპიაშვილი დაინიშნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს ენერგეტიკის სამინისტროში დაუდასტურეს. ნუგზარ პაპიაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა.
თამაზ თამაზაშვილის ნათესავი სანდრო იაკობიშვილი დაინიშნა დაცვის პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად. სანდრო იაკობიშვილი გასულ წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში მუშაობდა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო გაათავისუფლეს.
ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, პარლამენტის წევრის ლექსო თამაზაშვილის მეგობარი დიმიტრი მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად. დიმიტრი მაისურაძის ნათესავები გიგა და ოთარ გავაშელიძეები, ასევე სიმამრი ავთო გავაშელიძე დასაქმდნენ და დაწინაურდნენ საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე.
ლექსო თამაზაშვილის მეგობარი თემურ მეტრეველი დაინიშნა თელავის სახანძრო – სამაშველო სამსახურის უფროსად. თემურ მეტრეველმა 2 წლის წინ, თელავში, 42 წლის დიტო დენტოშვილი მოკლა. თემურ მეტრეველის ცოლის ძმაა კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი დიმიტრი მაისურაძე.
ირაკლი ღარიბაშვილის მამიდაშვილი ხათუნა მენთეშაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ცოტა ხნის წინ, ამ სკოლის დირექტორს მაია ლაპიაშვილს ბრალი წაუყენეს 1000 ლარის მითვისების ბრალდებით. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორად ხათუნა მენთეშაშვილი მოიზრება “ - წერს კახეთის საინფორმაციო ცენტრი.