გარდაცვლილი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილია
19:37:22     11-01-2011
თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ გააკეთა ოფიციალური კომენტარი კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. 120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება სავარაუდოდ წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 13.
მომხდარს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს. თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. ინციდენტის დროს დაჭრილები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს მედპერსონალი აცხადებს, რომ რამდენიმე ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა და ისინი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადასაყვანად მოამზადეს.
დღის ბოლოსთვის ცნობილი ხდება დაღუპულთა და დაჭრილთა ვინაობა. ცნობა თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელდა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალნენ კაპრალები: ზურაბ კუცია, ემზარ შოშიაშვილი და დავით გოგიჩაიშვილი.დაჭრილები არიან კაპრალები: ალექსანდრე თომაშვილი, ვალოდია ხრიკული, ზურაბ ქვათაძე, გიორგი გნოლიძე, აკაკი ყულოშვილი, გიორგი ჩოფლიანი, ამირან სამსონიძე, დავით მურადაშვილი, გიორგი ახალაძე, ზაზა ხუროშვილი, გელა ფიცხელაური,როინ ხოზრევანიძე, ზაქარია კურტანიძე.
დაჭრილებისთვის პირველი დახმარების აღმოჩენისას ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ჯარისკაცებს მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიღებული ქვედა და ზედა კიდურების, ასევე გულ–მკერდის არეში. ასეთი ჭრილობების გამოწვევა მხოლოდ აფეთქებისას გაფანტულ ნამსხვრევებს შეუძლია. სავარაუდოდ, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ერთად შეჯგუფულ სამხედრო მოსამსახურეებს ნაღმმტყორცნიდან ჭურვის გასროლის დეტალებს უხსნიდნენ.
120 მმ–იანი ნაღმმტყორცნი რუსული წარმოებისაა და, ძირითადად, მთაგორიან რელიეფზე გამოიყენება. სროლის სიშორე 7 კმ–ია. ნაღმმტყორცნის ერთი ჭურვი 16 კგ–ს იწონის და მისი მოქმედების ეფექტურობა მოწინააღმდეგის ტექნიკის განადგურებაზეა გათვლილი. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენი არაა, რამდენად მძლავრი იქნებოდა ტექნიკური მიზეზით მომხდარი აფეთქება კრწანისის სასწავლო ცენტრში.დაჭრილთა მდგომარეობის მიხედვით უკვე დადგენილია, რომ 8 მათგანს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რუსთავის კლინიკურ საავადმყოფოში დაჭრილების მიყვანის შემდეგ ოთხი ოპერაცია მაშინვე დაიწყო და რამდენიმე საათში დასრულდა.
ამ ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საჭიროების შემთხვევაში მათ კატასტროფის ცენტრის ბრიგადა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანს. 8 დაჭრილი კი უკვე გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა სტაბილურია, რადგან შედარებით მსუბუქი ჭრილობები ჰქონდათ მიღებული. რამდენიმე მათგანი მალევე გაწერეს, დღის ბოლოსთვის კი რვავე ჯარისკაცი უკვე სახლში იმყოფებოდა. ღუდუშაურის კლინიკაში მედპერსონალის სრული მზადყოფნა აფეთქებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა და კლინიკა დაჭრილთა მისაღებად უკვე აფეთქებიდან ნახევარ საათში იყო მზად.
საბოლოოდ, გაირკვა, რომ რუსთავის კლინიკაში დასრულებული ოპერაციების შემდეგ დაჭრილთა მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათი გადაყვანა ღუდუშაურის კლინიკაში აღარ გახდა საჭირო.
ექიმების განცხადებით, ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ვიწრო სპეციალიზაციის დახმარება ესაჭიროება, გადაყვანილია ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში, ხოლო მეორე, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია, ჰოსპიტალშია მოთავსებული. მათივე ინფორმაციით, ყველა დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
კრწანისის სასწავლო ცენტრის შესასვლელთან ჯარისკაცთა ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და თავიანთი ახლობლების მდგომარეობით დაინტერესდნენ. მათ სასწავლო ბაზის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ და ინფორმაციის მიღებას ბაზიდან გამოსული ჯარისკაცებისგან ცდილობდნენ. თუმცა უკვე ცნობილია, რომ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს თავდაცვის სამინისტრო აფეთქებიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაუკავშირდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტის პრესსპიკერმაც გააკეთა:
„ჯარისკაცის პროფესია, სამწუხაროდ, პატივსა და ღირსებასთან ერთად, დიდ რისკსაც შეიცავს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. მან უკვე დაავალა შესაბამის სამსახურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი ფაქტი. დაღუპულთა დაკრძალვისა და დაჭრილთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. პრეზიდენტმა მომხდარის შესახებ გზაში შეიტყო. მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში მიემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს რიჩარდ ჰოლბრუკის დაკრძალვის ცერემონიალში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა აშშ–ს პოლიტიკური სპექტრის ლიდერებთან“.
კრწანისის სასწავლო ცენტრში აფეთქებიდან ერთ საათში შევიდნენ სამხედრო პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლები. მომხდარი ფაქტის გამოძიების შემდეგ გაირკვევა, რა სახის ტექნიკურ შეცდომა მოხდა. საგამოძიებო ორგანოები გაარკვევენ, აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.