რუსული წარმოების ჭურვმა სამი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა

  14:59:49     11-01-2011

თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ოფიციალური კომენტარი კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. 120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება სავარაუდოდ წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 13. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს. თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. ინციდენტის დროს დაჭრილები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს მედპერსონალი აცხადებს, რომ რამდენიმე ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა და ისინი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადასაყვანად მოამზადეს.

დაჭრილებისთვის პირველი დახმარების აღმოჩენისას ადვილი შესამჩნევია, რომ ჯარისკაცებს მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიღებული ქვედა და ზედა კიდურების, ასევე გულ–მკერდის არეში. ასეთი ჭრილობების გამოწვევა მხოლოდ აფეთქებისას გაფანტულ ნამსხვრევებს შეუძლია. სავარაუდოდ, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ერთად შეჯგუფულ სამხედრო მოსამსახურეებს ნაღმმტყორცნიდან ჭურვის გასროლის დეტალებს უხსნიდნენ.

120 მმ–იანი ნაღმმტყორცნი რუსული წარმოებისაა და, ძირითადად, მთაგორიან რელიეფზე გამოიყენება. სროლის სიშორე 7 კმ–ია. ნაღმმტყორცნის ერთი ჭურვი 16 კგ–ს იწონის და მისი მოქმედების ეფექტურობა მოწინააღმდეგის ტექნიკის განადგურებაზეა გათვლილი. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენი არაა, რამდენად მძლავრი იქნებოდა ტექნიკური გაუმართაობის გამო მომხდარი აფეთქება კრწანისის სასწავლო ცენტრში.

დაჭრილთა მდგომარეობის მიხედვით უკვე დადგენილია, რომ 8 მათგანს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა სჭირდება. ღუდუშაურის კლინიკაში მათი ტრანსპორტირება რუსთავის საავადმყოფოდან უკვე დაწყებულია.

კრწანისის სასწავლო ცენტრის შესასვლელთან ჯარისკაცთა ახლობლები და ოჯახის წევრები იკრიბებიან და თავიანთი ახლობლების მდგომარეობის გარკვევას ცდილობენ. მათ სასწავლო ბაზის ტერიტორიაზე არ უშვებენ.