EPP: არჩევნების შემდეგ უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ზიანი მიაყენა

  08:52:22     15-03-2013

საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ სტანდარტებს, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდიუმმა განცხადება გააკეთა, რომელიც შეიცავს გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღდგეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეგმა. განცხადება ანუ დეკლარაცია კი უკვე დაეგზავნათ სახელმწიფოთა მეთაურებს - ვკითხულობთ ევროპის სახალხო პარტიის საიტზე, სადაც აღნიშნული დეკლარაცია გუშინ გამოქვეყნდა.

დეკლარაცია კი ასეთი შინაარსისაა:

ევროპის სახალხო პარტია ადასტურებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, კმაყოფილებით ხაზს უსვამს იმ პროგრესს რომელიც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით იქნა მიღწეული ბოლო წლების განმავლობაში და მოუწოდებს საქართველოს ამჟამინდელ ადმინისტრაციას დარჩენილი აუცილებელი რეფორმების განხორციელება მოახდინოს.

ევროპის სახალხო პარტია 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში გასამართი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის წარმატებულად ჩატარების მიზნის ერთგული რჩება და სინანულით აღნიშნავს რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ძალაუფლების პირველი დემოკრატიული გადაცემა მოყვა, კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობისა და ასევე დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა, საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ზიანი მიაყენა. ამდენად, მოცემულ გარემოებებში, საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ამ ხელშეკრულების ხელმოწერა და რატიფიკაცია ევროპის კავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან საფრთხის ქვეშაა.

 თუმცაღა,  ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობასთან ყოვლისმომცველი დიალოგის გზით შესაძლებელია ნდობის აღდგენა საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის და ასევე, ყველა წინააღმდეგობის გადალახვა. ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატია ვერ იმუშავებს ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის თავისუფალი და კონკურენტული სამოქმედო არეალის გარეშე.

მოელის საქართველოს მთავრობისგან იმის უზრუნველყოფას, რომ ადგილი არ ექნება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქმედებების შეზღუდვას ან მათი დაშინების შიშს. ასევე დაჟინებით მოუწოდებს პოლიტიკურ უმრავლესობას, პატივი სცეს საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის კონსტიტუციურ უფლებებს და, ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის ავტონომიას. ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ მოხდეს სამართლის, როგორც პოლიტიკური მიზნების მისაღწევი ინსტრუმენტის შერჩევითი გამოყენება.

დეკლარაციის ავტორები განსაკუთრებით აღნიშნავენ,  რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას საქართველოში დემოკრატიული განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის სრულად დაცვა უზრუნველყოს.

ასევე სთხოვენ მთავრობას საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან მიმართებაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხორციელებას და შეშფოთებას გამოხატავენ უკვე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზიის კომისიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.

ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოს მედიაზეც და აღნიშნულია, რომ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება კარგი მმართველობისა და დემოკრატიის ფუნდამენტია. ამიტომ, დეკლარაციის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს ან აღქმული იყოს, როგორც გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

ისინი სთხოვენ მთავრობას, უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობის შენარჩუნება და პატივისცემა და როგორც პარტიის პრეზიდიუმის წევრები აღნიშნავენ, ამ ყოველივეს განხორციელება საქართველოს საშუალებას მისცემს ძალაუფლების გადაცემის პროცესიდან გამოვიდეს როგორც უფრო ძლიერი დემოკრატია და გააღრმავოს ევროპის კავშირთან დაახლოების პროცესიც.