სააკაშვილი: შეშფოთებული ვარ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით

  20:29:21     14-03-2013

პრემიერ მინისტრის მიერ დღეს კოტე კუბლაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

„ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, გარკვეულ ტენდენციად გამოიკვეთა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა. შეშფოთებული ვარ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, რომელიც მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტანტინე კუბლაშვილს სერიოზული დაავადება აქვს, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია. პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია. 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კონსტიტუციითაა დაცული და მისი დარღვევა ყოვლად დაუშვებელია. პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღურ, რუსულ, ოლიგარქიულ, კაპიტალისტურ მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას. 

ეს საქციელი უკვე ახალი მთავრობის მოქმედების ტენდენციად იქცა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ჩემ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ.“-ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში