
თამარ ბერუჩაშვილი - ყველა დროის დეკორაცია
11:54:39     14-03-2013
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, საგარეო ურთიერთობებზე იმდენს არ ლაპარაკობს, რამდენ დროსაც წუწუნს უთმობს. მისი ბოლო სადარდებელი, საგარეო უწყებაში, მინისტრის მოადგილედ, თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნა გახლავთ. ფანჯიკიძის განცხადებით, პრეზიდენტი მინისტრის მოადგილის დანიშვნას ხელს არ აწერს.
თამარ ბერუჩაშვილი , ერთერთი ნათელი მაგალითია, იმისა, რომ ივანიშვილს კადრების დეფიციტი აქვს. ბერუჩაშვილი ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ნამინისტრალი ქალბატონია. იგი ყოველთვის, არაფრით გამორჩეული, უფერული სახე იყო. ხან გენდერული თანასწორობის პრინციპის გამო დანიშნა შევარდნაძემ თანამდებობაზე, ხან „ყვარყვარეობის“ გასაოცარი ნიჭის წყალობით შეინარჩუნა სავარძელი.
შევარდნაძის დროს, ბევრს ხუმრობდნენ ბერუჩაშვილზე, როგორც არაფრის მინისტრზე. იგი, რამდენიმე სხვა ძალად გაპოლიტიკოსებულ ქალთან ერთად, დეკორაცია გახლდათ, რათა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გათვალისწინებით, ქართულ პოლიტიკაში ქალებიც ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი. შევარდნაძის დროს, საკმაოდ ბევრმა, დიასახლისად დაბადებულმა ქალმა სცადა ბედი პოლიტიკაში. მათ შორის გახლდათ ბერუჩაშვილიც. ყველას ახსოვს, ქალბატონი თამარის არაფრისმთქმელი, არაფრის მომცემი გამოსვლები კომიტეტების სხდომებზე. მაშინ, მისი უუნარობა, ხან ფეხმძიმობით მართლდებოდა, ხან დუმილით.
მოგვიანებით, ქალბატონმა ბერუჩაშვილმა, მლიქვნელობის გასაოცარი ნიჭი გამოამჟღავნა და 31 ოქტომბერს საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა ასეთი ინფორმაცია: „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა ყოფილი სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი, თამარ ბერუჩაშვილი უწყებაში რჩება და ახლადდანიშნული მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის მოადგილის პოსტს დაიკავებს.“ აი, როგორ „გაიზარდა“ ბერუჩაშვილი.
ბერუჩაშვილს ერთადერთი რამის ნიჭი აქვს, მოერგოს ყველა მთავრობას. ამიტომ, პრეზიდენტი ცდება, თუ მის დანიშვნას ხელს არ აწერს. რა მინისტრიც ფანჯიკიძე, ის მოადგილე ბერუჩაშვილი. ანუ, ბიძინა მიუშვით ნებასა... ისევ ბიძინამ იკითხოს, ბერუჩაშვილისნაირებს რომ ატივტივებს, თორემ სააკაშვილმა უკვე იკითხა მედროვეების დამსახურებით. ბერუჩაშვილს კიდე რა? ბიძინა წავა და სხვა მოვა? იქაც შეძვრება.