
გოგა ხაჩიძე: „წულუკიანი, კანონიერების სამინისტროს „უკანონო დიასახლისია”
16:39:53     13-03-2013
თეა წულუკიანის უმაღლესი განათლების საკითხი, აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა ტელევიზიით, ENA-ს დიპლომები აფრიალა, უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე, მას მაინც კანონიერების სამინისტროს - „უკანონო დიასახლისს“ უწოდებს. გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, პოზიცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დააფიქსირა.
გოგა ხაჩიძე: ძვირფასო თეა... აგერ უკვე 140 დღე გავიდა, რაც თქვენ უკანონოდ იკავებთ იუსტიციის მინისტრის პოსტს.
მინიმუმ ორი კანონის კონკრეტულ მოთხოვნას არღვევთ. ესენია: კანონი პროკურატურის შესახებ (მუხლი 31) და კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 50).
მე, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ENA-ს (მამულსაც და სარწმუნოებასაც), თუმცა ის დიპლომი და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც თქვენ, ჩარჩოში ჩასმული წარმოადგინეთ, ცალსახად ადასტურებს, რომ არ გაქვთ უმაღლესი ი უ რ ი დ ი უ ლ ი განათლება.
ძალიან ვაფასებ საფრანგეთის საელჩოს ნატყორცნ ზოგად /განმარტებით, დიპლომატიურ მაშველ რგოლს; ძალიან ვისიამოვნე "საია"-ს მწვად-შამფურა კომენტარით, მაგრამ ეს თქვენს უმაღლეს განათლებას - უმაღლეს იურიდიულ განათლებად ვერ გადააქცევს.
ამ ბოლო დროს, ვუყურებ ხოლმე, თქვენს მიერ, სხვადასხვა საკითხებზე გაკეთებულ კომენტარებს და გული თანაგრძნობით მევსება, თქვენს ფავორიტ ფრაზაზე: „მე, როგორც იუსტიციის მინისტრი".
ხშირად გაიმეორეთ ქ-ნო თეა!.. ეს, დიპლომს ვერა, მაგრამ რწმენას გაგიმტკიცებთ...
უმაღლესი იურიდიული განათლება ხომ თქვენს შემთხვევაში რწმენის საკითხია და არა შემდგარი ფაქტი.
რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან თქვენი მომხრეები?.. რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან თქვენი მოწინააღმდეგეები?...
ერთიც და მეორეც, გულის სიღრმეში მშვენივრად ხვდება, რომ თქვენ, დღეს, მანდ, მოქმედი უკანონობა ხართ...
გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს - უკანონო დიასახლისო...
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის შესახებ კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, პროკურორად ინიშნება პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს. იუსტიციის მინისტრი კი, პარალელურად პროკურორიცაა.
კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის, ექსპერტებისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თუ პირს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს, მისი დანიშვნა იუსტიციის მინისტრად კანონის უხეში დარღვევაა.
როგორც გაირკვა, ქალბატონ წულუკიანს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი. რაც შეეხება ფრანგულ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომის მიხედვით მინისტრი ENA -ში , საჯარო ადმინისტრირებას დაეუფლა და არა - იურიდიულს.