
დააწინაურეს თუ დააქვეითეს მაია ხასია
13:27:05     13-03-2013
სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია ხასია ჩამოაქვეითა. „პრესა.ჯი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ სუბარი დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებას, ამ წუთებში აწერს ხელს.
აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად, ხასიას ბაჩო ახალაიასთან „მეგობრობა“ სახელდება. ვრცელდება მეორე ვერსიაც , რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სავარძელი, გენერალური ინსპექციის უფროს მირზა სუბელიანთან დაპირისპირებას შეეწირა, რომელიც როგორც ცნობილია მინისტრის ახლო ნათესავია.
„პრესა.ჯი“ აღნიშნულ საკითხზე, სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი კორძაიას დაუკავშირდა.
კორძაია აცხადებს, რომ ხასია სამინისტროდან არავის გაუშვია. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სასჯელაღსრულების სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორად დაინიშნა.
ირაკლი კორძაია: მაია ხასია სამინისტროდან არავის გაუთავისუფლებია, ის სასწავლო ცენტში გადაიყვანეს. მისი გამოცდილება, ამ მიმართულებით უფრო გამოგვადგება.
- ამბობენ, რომ ხასიას თანამდებობა წარსულში, ბაჩო ახალაიასთან მუშაობას და გენერალური ინსპექციის უფროს მირზა სუბელიანთან დაპირისპირებას შეეწირა.
- ქალბატონი მაია, სასწავლო ცენტრში უფრო დაინახეს. კითხვის რა ფორმულირებაც არ უნდა გამოიყენოთ პასუხია, ერთია, ხასია მინისტრს არ გაუთავისუფლებია, უბრალოდ ის სხვა უწყებაში გადაიყვანეს, საკმაოდ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე.