კითხვა უმრავლესობას: რა არის ივანიშვილის ნაკლი? - იხილეთ დეპუტატთა პასუხები

  14:45:53     11-03-2013

შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ერთი ნაკლი? - ამ კითხვით „პრესა.ჯი“-მ კოალიცია ქართული ოცნების  დეპუტატებს მიმართა. 

მეოცნებე დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი თვლის რომ უნაკლო ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. თუმცა ივანიშვილის „მინუსებზე“ საუბარი უჭირს და ვერც მის ნაკლს იხსენებს. 

ჯაჭვლიანი:  „ნაკლს თქვენ რას ეძახით, ეხლა ეს როგორაა იცი? ჟურნალისტები პროვოკატორები ხართ ... ტელეფონიდან ბიძინა ივანიშვილის დახასიათება ცოტა რთულია. მე მევასება ასეთი რაღაცა, ასე ჯობია დაწერო, უნაკლო არის მხოლოდ უფალი. 

პრესა.ჯი: ივანიშვილის ერთი ნაკლი მითხარით... 

სოსო ჯაჭვლიანი: სწორად გამიგე, შენ უნდა მოხვიდე ახლა ჩემთან, თვალებში ჩაგხედო და ისე დაგიხასიათო ბატონი ბიძინა. თქვენ ახლა მაინც თქვენსას ერეკებით, ამიტომ, ჯობია, პირისპირ ვილაპარაკოთ. 

გუნდს ყოველთვის აქვს მინუსები და პლუსები. ყველაზე კარგი არის ის რომ 1 ოქტომბერს მან ყველაზე სერიოზული მოთხოვნა შეასრულა. მან „ჩასვრილი“ საზოგადოება გამოაცოცხლა“. 

ივანიშვილის პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ნაკლზე საუბარი არ სურს უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, ვახტანგ ხმალაძეს. სამაგიეროდ, ხმალაძე ამბობს, რომ შეუძლია ბატონი ბიძინას დადებით თვისებებზე ისაუბროს. 

ხმალაძე: „ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, თუმცა პრემიერ-მინისტრის პიროვნების გარჩევას ნამდვილად არ დავიწყებ. არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტი დავხატო. 

პრესა.ჯი: ივანიშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ არ გვიკითხავს... გვაინტერესებს ივანიშვილის ნაკლოვანებები, როგორც პოლიტიკოსის... ნუთუ ასეთი უნაკლოა თქვენთვის? 

- მე რატომ უნდა დავახასიათო უარყოფითად, მოდით ეს ოპოზიციამ გააკეთოს. თუ გინდათ მე მის დადებით თვისებებზე გესაუბრებით. 

- ბატონო ვახტანგ, ის რომ უმრავლესობის წევრები ივანიშვილით აღფრთოვანებულები ხართ, კარგად ვიცით. საინტერესოა, მის უარყოფით თვისებებს თუ ამჩნევთ? 

- გითხარით, რომ უარყოფითი თვისება ყველას აქვს, მაგრამ ახლა ჩემთვის როგორც გამოცდილი პოლიტიკოსისთვის და ერთი გუნდის წევრისთვის, მსგავს კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა უხერხულია. 

თქვენ მთხოვთ, ისაუბრეთ საკუთარ ნაკლზეო. მე და ბატონი ბიძინა ერთი გუნდის წევრები ვართ და რთულია, საკუთარ უარყოფითზე საუბარი. მე ვიცი ეს თვისებები მაგრამ რატომ გავაკეთო ამის აფიშირება?“ 

ხმალაძე თუ ივანიშვილის ნაკლს ამჩნევს, მაგრამ გვიმალავს, ამაზე არც კი უფიქრია კოალიციის წევრ ანი მიროტაძეს. 

ანი მიროტაძე: „იცი ჯაბა, ამ თემაზე საერთოდ არ მიფიქრია. 2011 წლის 4 ოქტომბერს გააკეთა ამ კაცმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება. დავინახეთ რომ ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა ოპოზიცია და შეცვალა რეჟიმი. 

პრესა.ჯი:  უნაკლოა ბატონი ბიძინა? 

-აქ საუბარი არ არის იმაზე აქვს თუ არა მას უარყოფითი თვისება. უბრალოდ ამ ეპატზე ამ საკითხზე არ მიფიქრია. მე მიმაჩნია, რომ ბატონმა ბიძინამ ისეთი რამის გაკეთება შეძლო და ისეთი მაგარი, ძლიერი ადამიანია, რომ ახლა ნაკლზე ფიქრით დროს არ ვხარჯავ“. 

შიშის თუ სხვა მიზეზის გამო, ივანიშვილის ნაკლზე ვერ საუბრობს დეპუტატი ირინა იმერლიშვილიც. გაიგო თუ არა, რომ ჩვენი კითხვა ივანიშვილის ერთ ნაკლს ეხებოდა, ქალბატონი ირინა მაშინვე მოუცლელი გახდა. 

დეპუტატმა ძალიან მარტივ კითხვას  (რა არის საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ნაკლი) თავი აარიდა და მიზეზად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მოიმიზეზა. 

დაკავებული, დაღლილი და გადატვირთული აღმოჩნდა დეპუტატი ზვიად ძიძიგურიც. კითხვის შინაარსის გაგებისთანავე, პირველ ჯერზე ძიძიგურმა შეხვედრაზე ყოფნა მოიმიზეზა, შემდეგ კი ჩვენ ზარებს მისი თანაშემწე პასუხობდა. 

„პრესა.ჯი“ ამ უწყინარი კითხვით დაუკავშირდა დეპუტატ ეკა ბესელიასაც.  ბესელიას მიაჩნია, რომ პრემიერის ნაკლოვანებებზე საუბარი უადგილო და შეურაცხმყოფელია. 

P.S: ვფიქრობთ, მეოცნებე დეპუტატების ამ კომენტარებმა ცხადად აჩვენა თუ როგორი მონური აღტაცებით უყურებენ უმრავლესობის წევრები „ბატონ ბიძინას“. მათთვის ოლიგარქი ის უნაკლო პატრონია, რომელსაც „ზურგი ექავება“... 

მათგან განსხვავებით, რიგითი ადამიანები რომ არ მალავენ თავიანთ პოზიციას ივანიშვილის მიმართ, ამაზე ეს ვიდეოც მეტყველებს...