ბაშმეტი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციით ამაყობს, თბილისში დაუკრავს

  12:30:06     11-03-2013

დღეს კონსერვატორიაში კონცერტს გამართავს მუსიკოსი იური ბაშმეტი, რომელიც საქართველოსადმი თავისი პოლიტიკური აქტივობითაც გამორჩეულია.

ბაშმეტმა თავის დროზე ხელი მოაწერა პუტინისადმი წერილს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა გააჩაღა ომი (2008 წლის აგვისტოში), რომელიც აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეების ომია რუსეთის წინააღმდეგ“.

ამავე წერილში, რომელსაც ბაშმეტი სხვა „რუს ინტელიგენტებთან“ ერთად აწერდა ხელს, წერია, რომ საქართველომ საშინელი წამება მოუწყო ოს ქალებსა და ბავშვებს, მოხუცებს, გაანადგურა 2000-მდე მშვიდობიანი მოსახლეობა.

მაშინ BBC-სთან ინტერვიუშიუ ბაშმეტი ამბობდა: „ამერიკა მართლაც ცდილობს იყოს მთავარი და მართალი, რუსეთს კი არ სურს ამასთან შეგუება, რადგან ის დიდი დერჟავაა. მათ არ მოსწონთ, რომ რუსეთი ძლიერი იყოს. ჩვენ კი გვსურს ვიყოთ ძლიერები და მე ვამაყობ იმით, თუ როგორ იქცევა ჩვენი ხელისუფლება“ - ეს განცხადება ბაშმეტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გააკეთა.

ის უკმაყოფილო იყო იმითაც, რომ დასავლური მედია ამ ომზე „სიცრუეს“- ანუ მხოლოდ იმას წერდა, რომ ეს საქართველოს მიმართ რუსული აგრესია იყო. მან უცხოური მედიით ამ ომის გაშუქებას „კატასტროფა“ უწოდა.

2008 წლის 22 აგვისტოს კი „იზვესტიამ“ ბაშმეტის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის საუბრობს, რომ ცხინვალში კონცერტისთვის ემზადება - „საქართველოს მხრიდან დაბომბვებისგან დაზარალებულ ცხინვალში“. ასეთი კონცერტებით, როგორც მუსიკოსი ამბობდა, სამხრეთ ოსეთში ფული შევიდოდა და ცხინვალის აღდგენას წაადგებოდა.

ბაშმეტს კონცერტი აფხაზეთშიც აქვს ჩატარებული - სოხუმის ფილარმონიაში. ეს ადამიანი დღეს თბილისის კონსერვატორიაში აპირებს დაკვრას და აპლოდისმენტებისა და „ბისების“ მოსმენისთვისაც ემზადება. მანამდე კი სოციალურ ქსელებში რიტორიკული კითხვა ისმის - აამოქმედებს თუ არა, ახალი ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, რომელიც ბაშმეტს არაერთხელ აქვს დარღვეული ოკუპირებულ რეგიონებში სტუმრობით.