შსს მკვლელობების სტატისტიკას მალავს

  13:53:51     07-03-2013

საქართველო სისხლიან წარსულში ბრუნდება. ბოლო თვეებია  თითქმის ყოველ დღე გვესმის ინფორმაციები საზარელი დანაშაულის შესახებ.  კრიმინალური შემთხვევები ხდება  ჩვენს ირგვლივ - აყაჩაღებენ ტაქსისტებს, აწიოკენებ ოჯახებს, ქურდავენ ბინებს, იპარავენ მანქანებს, ყიდიან ნარკოტიკებს... 

მკვლელობები, სისხლიანი გარჩევები, საკონტროლო გასროლები - ეს ის სიტყვებია, რომელსაც ბოლო 5 თვეში შევეჩვიეთ. მოქალაქეები თითქმის უემოციოდ ისმენენ ინფორმაციებს მომხდარი მკვლელობის შესახებ, რადგან ის ლამის ყოველდღიურ, „ლოგიკურ“ მოვლენად იქცა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ოთხმოცდაათიანი წლების განგსტერული საქართველოს აჩრდილი დასდევს... 

გასულ კვირას ბაღდათში საზარელი მკვლელობა დაფიქსირდა. ადგილობრივების განცხადებით, ამნისტირებულმა იუზა.ნ-მ შურისძიების მიზნით, დანით დაჩეხა გენადი გუბელაძე. 

ადგილობრივების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გუბელაძის დაჭრისთვის ადრეც იყო დაპატიმრებული. შემდეგ მას ბესელია-კაკაბაძის ამნისტია შეეხო, ციხიდან გამოვიდა და გუბელაძე ცივი იარაღით დაჩეხა. 

 „პრესა.ჯი“- ს არქივის მიხედვით,  19 თებერვალს ფონიჭალაში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაუდგენელმა პირმა, დანით ძველი ნაცნობი სასიკვდილოდ დაჭრა. 

გარდაცვლილის ახლობელთა თქმით, ამ ეტაპზე ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობაც, თუმცა ის პოლიციას გაექცა. 

სამეგრელოში, დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა მკვლელობა - შეიარაღებულმა პირმა მსხვერპლს „ბერეტას“ ტიპის იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. 

ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, კრიმინალური ფაქტების გახშირებას კახელებიც უჩივიან. მათი თქმით, კრიმინოგენური სიტუაცია განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა. 

გასულ თვეს კახეთში მამამთილმა საკუთარი რძალი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი დაჭრა და თავი მოიკლა. შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მოხდა. 81 წლის შოთა ჯავახიშვილმა ლალი ზუბალოვი სანადირო თოფით მოკლა. 

პოლიცია გვარწმუნებს, რომ გახსნა 18 წლის მოდელის მარიამ არაქელოვის მკვლელობის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული სერგო მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

საზარელი მკვლელობა მოხდა ხაშურშიც -  1979 წელს დაბადებული ირაკლი ლ.-მ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მოქალაქე სულიკო გრიგალაშვილი გამოასალმა სიცოცხლეს. 

31 იანვარს კი ტაშკენტის ქუჩაზე, საკუთარ სახლში 56 წლის მამაკაცი მოკლეს, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები შვილისა და მეუღლის თვალწინ მიაყენეს.

შსს-ს თანამშრომლებმა, მოკლულის ქალიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დენის ალექსანდრეს ძე მატიაშის  მკვლელობის ფაქტზე 32 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებულის თქმით, მკვლელობა მან ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. 

ეჭვიანობას უკავშირდებოდა მარნეულში მომხდარი მკვლელობაც, როდესაც 34 წლის მამაკაცმა მთელი ოჯახი ამოხოცა. 

13 თებერვალს 23 წლის იური ფ.-მ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ექიმი, 85 წლის ავთანდილ საყვარელიძე ურთიერშელაპარაკების შემდეგ ბალიშით გაგუდა და ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. 

25 ნოემბერს საზარელი მკვლელობა მოხდა კონიაკის დასახლებაში. მანანა შენგელია ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი, სასტაკად აწამეს და ყელი გამოჭრეს. 

იმავე დღეს ნონეშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი იპოვეს, რომელიც 45 წლის სოსო ჩიქობავა აღმოჩნდა. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა ჰქონდა  მიყენებული, მათ შორის ერთი საკონტროლო გასროლით. ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს ჭიათურაშიც. 

თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით  22 წლის ბიჭი გამოასალმეს სიცოცხლეს თბილისში, ავლაბრის მეტროს წინ. 

რამდენიმე კვირის წინ, მკვლელობა მოხდა კახეთშიც... 

13 დეკემბერს კი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 72 წლის მამაკაცი მოკლეს რუსთავში. 

გახშირებულ კრიმინალს ზუგდიდელებიც აპროტესტებენ. ისინი პოლიციას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. 

შეგახსენეთ, რომ რამოდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა ზუგდიდში. ქალაქში 20 წლის ახალგაზრდა წამებით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით ის ე.წ. გარჩევას შეეწირა. 

სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, თუმცა, მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიიმალა. 

მომხდარი მკვლელობის სტატისტიკის შესახებ შს სამინისტროს საიტზე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. ყოფილი პოლიციელები ეჭვობენ, რომ გახშირებული კრიმინალის გამო, შს სამინისტრო დანაშაულის რეალურ სტატისტიკას მალავს. 

ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პასუხია, გაგებით მოეკიდოს მოსახლეობა კრიმინალის მკვეთრად მომატებას. "კრიმინალი მოიმატებს, სადღაც მანქანას დაგიზიანებენ, იქნება აფეთქებებიც, მაგრამ საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს", - რამდენჯერმე გაიმეორა ივანიშვილმა. 

„პრესა.ჯი“ ჯერ კიდევ 10 დღის წინ დაინტერესდა იმით, თუ როგორ აპირებს შს მინისტრი ქვეყანაში დანაშაულის აღკვეთა-შემცირებას. თუმცა სამინისტროსგან  ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. 

ათი დღის წინ, შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ვთხოვეთ ბოლო 5 თვის მანძილზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა მოეწოდებინა ჩვენთვის. 

ნინო გიორგობიანისგან პირობაც მივიღეთ რომ მაილზე გამოგვიგზავნიდა მომხდარი მკვლელობების ჩამონათვალს, თუმცა მას პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია. 

დღეს, გიორგობიანის პასუხი შემდეგნაირად ჟრერს: „უახლოეს პერიოდში დავდებთ სტატისტიკას და გაგაგებინებთ“...

ღარიბაშვილი საჯარო გამოსვლაში ამტკიცებს რომ დანაშაულები მალევე იხსნება. ეს, რა თქმა უნდა,  შს სამინისტროში არსებული თანამედროვე ტექნიკის, გადამზადებული და პროფესიონალი პოლიციელების დამსახურებაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ საქმის „ცხელ კვალზე“ გახსნა, დიდი ვერაფერი შეღავათია დაწიოკებული მოსახლეობისთვის, თითმოჭრილი ბავშვისთვის, დაუთოვებული ოჯახებისთვის და ყელგამოჭრილი, მოკლული, ნაწამები ადამიანების  ჭირისუფლებისთვის.