დაჭრისთვის დაკავებულმა და ამნისტირებულმა პირმა, განზრახ მკვლელობა ჩაიდინა?

  11:38:11     05-03-2013

ბაღდათში საზარელი მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, ამნისტირებულმა იუზა.ნ-მ შურისძიების მიზნით, დანით დაჩეხა გენადი გუბელაძე. 

პოლიცია მკვლელობას გახსნილად აცხადებს. თუმცა, ადგილობრივების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გუბელაძის დაჭრისთვის ადრეც იყო დაპატიმრებული. შემდეგ მას ბესელია-კაკაბაძის ამნისტია შეეხო, ციხიდან გამოვიდა და გუბელაძე მოკლა.

„მეგობრებო ერთი სამწუხარო ამბავი მინდა გიამბოთ, ბაღდათის რაიონი სოფელ ფერსათში ჩხუბის დროს დაჭრეს ამ სოფლის მკვიდრი... ვინც ეს დაჭრა ჩაიდინა სასამართლომ მიუსაჯა პატიმრობა.

ცოტა ხნის წინ ეს პიროვნება გათავისუფლებული იქნა კაკაბაძე-ბესელიას ამნისტიის შედეგათ. გამოსვლიდან ცოტა ხანში, მან სადისტურად, რამდენჯერმე დანის დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა ის პიროვნება, ვინც ადრე დაჭრა.

როგორც თქვენ იტყვით, ამინისტიის ავტორები - მან „აღადგინა სამართლიანობა“. ჯერ კიდევ არ მიუბარებიათ ეს უკანასკნელი მიწას. ამ ამბის გახმაურებას არც აპირებდნენ მავანნი. რომ არა ისეთი ადამიანები, ვინც არ ეპუება ასეთ უსამართლობას.

მეოცნებეებო, ასეთი ამბები თითქმის ყოველ დღე ხდება დღევანდელ საქართველოში, კმაყოფილი ბრძანდებით „აღდგენილი სამართლიანობით“? როდემდე უნდა გაგრძელდეს „სამართლიანობის“ აღდგენა უსამართლობის მანტიით?

P.შ. ზედმეტათ დაინტერესებულმა ადამიანებმა შეგიძლიათ მოიკითხოთ ბაღდათის რაიონი სოფელი ფერსათი, ჯერ არ დაუსაფლავებიათ საცოდავი და მთელი სოფელი გიამბობთ მომხდარის შესახებ“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ბაჩუკი გვანცელაძე.


შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტირებულია. "არ ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფერსაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტრირებული იყო. ასევე არ ვადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებული გარდაცვლილის დაჭრისთვის ადრე იხდიდა სასჯელს“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს გიორგობიანმა. 

„როგორც ჩემთვის ცნობილია, მოკლულია გუბელაძე გენადი... მკვლელობა შაბათს მოხდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს. გარდაცვლილი ძმამ მეორე დილით ნახა" - გვითხრა ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა გოგნაძემ. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული იუზა ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, 1946 წელს დაბადებულ გენადი გუბელაძეს, დანის მრავალჯერ დარტყმით, სხეულზე მძიმე ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იუზა ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

P.S: საინტერესო დეტალი: მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამნისტიით გათავისუფლებულმა პირმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ბაღდათის რაიონში, შს სამინისტრომ დანაშაული გახსნილად გამოაცხადა.

პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს“, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გაავრცელეს.