
კონფრონტაცია თუ კოჰაბიტაცია? (ვიდეო)
20:18:37     04-03-2013
საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ ივანიშვილის შორის გამართულმა საათნახევრიანმა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. აუდიენციის დასრულების შემდეგ, განსხვავებული იყო პრემიერისა და პრეზიდენტის შეფასებებიც.
თუ სააკაშვილმა ივანიშვილთან შეხვედრას საინტერესო უწოდა, პრემიერ მინისტრმა „კოჰაბიტაციის“ კიდევ ერთი მცდელობა „შეხვედრა შეხვედრისთვის“ შეაფასა.
პრესა.ჯი ექსპერტების შეფასებებით დაინტერესდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "GRASS"-ის დამფუძნებლის ელენე ხოშტარია კონკრეტული შედეგის მიუღწევლობის მიუხედავად დღეს გამართულ შეხვედრას მაინც დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესის განთავლისწინებით, მხარეებმა ვიწროპარტიული შეხედულებები განზე უნდა გადადონ და დიალოგის ფორმას მიუბრუნდნენ.
ელენე ხოშტარია: „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეხვედრის დაგეგმვაც კი პრობლემა იყო, ეს ფაქტი მაინც პოზიტურად უნდა შეფასდეს. კარგი იქნება, თუ ის რეგულარულ ხასიათს მიიღებს და საქმიანი და კონკრეტული შედეგები მოჰყვება. ვფიქრობ, რომ პრემიერმა და პრეზიდენტმა ვიწრო პარტიული პრინციპების დათმობის ხარჯზე შეთანხმების მიღწევა უნდა მოახერხონ“.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც დღევანდელ შეხვედრას „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ჩიტაძე: „ჩემი აზრით, პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის არ ყოფილა. პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და სავარაუდოდ, შეხვედრაზეც დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, რომ ის არ აპირებს მთავრობის დათხოვნას.
ამასთან, პრეზიდენტი ხელს არ შეუშლის მთავრობას საქმიანობაში. მან გამოხატა თავისი წუხილი ინვესტიციებისა და ტურისტების ნაკლებობასთან დაკავშირებით. თქვა რომ პრობლემაა დემოკრატიასთან დაკავშირებითაც. ალბათ ყველა ეს საკითხი შემდგომში პარლამენტის თავმჯდომარესა და უმცირესობის ლიდერს შორის განსახილველი თემები იქნება“.
„ჯალათსა და მსხვერპლს შორის შეთანხმების ძიება მუდმივად უშედეგო იქნება“,- ეს შეფასება კი „ქართული ოცნების“ ექსპერტს, სოსო ცისკარიშვილს ეკუთვნის.
როგორც მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა, რეალობა ძალიან სამწუხაროა.
„პრეზიდენტმა პირველ რიგში, თავის გუნდში უნდა მოძებნოს რესურსი, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს. ამასობაში კი, რეალობა ძალიან სამწუხაროა",- მიიჩნევს ექსპერტი.
რაც შეეხება უმცირესობის პოზიციას, როგორც „პრესა.ჯი“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, ივანიშვილმა პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, თავისი გამოსვლა პრეზიდენტის პიროვნულ კრიტიკას დაუთმო.
დარჩიაშვილი: „მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშილს შორის არსებული მთელი რიგი ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, ყველა თემის განხილვა ნამდვილად მნიშვნელოვანია.
შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიც შეხვედრის ნაწილია და ეს სულაც არ არის პრეზიდენტის მხრიდან პიარი, როდესაც ის საუბრობს შეხვედრაზე დასმულ პრობლემებზე.
პრემიერი კვლავ აგრძელებს პრეზიდენტის პიროვნულ კრიტიკას... დანარჩენი დასკვნები საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს, რომლის ინტერესში შედის პოლიტიკური ტემპერატურის კლება“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე კი აცხადებს, რომ მათი პროგნოზი გამართლდა და ქვეყნისთვის საჭირო შედეგი მიღწეული არ არის.
ხმალაძე: „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალი"- ეს პასუხი მაქვს სააკაშვილის განცხადებებზე, რომელიც სასამართლოსა და მედიიის ზეწოლაზე საუბრობს. რაც შეეხება შეხვედრას, მოხარული ვიქნებოდი, რომ შევმცადარიყავი და ყოფილიყო ის პასუხი რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და გამართლდა ცუდი პროგნოზი.