
რატომ იმუქრება ქუთაისის მერია გაფიცვით?
16:34:30     04-03-2013
ქუთაისის მერიის წინ, დღეს თვითმმართველობაში დასაქმებულმა 700-მდე ადამიანმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას და საჯარო მოხელეების პროკურატურაში დაბარებას აპროტესტებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პრესა.ჯი ქუთაისის მერს, ბესიკ ბრეგაძეს ესაუბრა.
ბესიკ ბრეგაძე: იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის მხრიდან არ შეწყდება, თანამშრომლების სისტემატიური დაკითხვა მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და გავიფიცებით, რადგან მსგავს სიტუაციაში მუშაობა სრულიად წარმოუდგენელია.
გასულ კვირას პროკურატურაში მე დამკითხეს, ასევე პროკურატურაში იმყოფებოდნენ მერიის კულტურის სამსახურის უფროსი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი. დაკითხვაზე ატარებენ, რიგით მეეზოვეებს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვერავის გაგვირკვევია სამართალდამცავ ორგანოებში რა სტატუსით გვიბარებენ.
- კონკრეტულად რა საკითხზე აქვთ პროკურატურის წარმომადგენლებს შეკითხვები?
- სხვადასხვა საკითხზე, დაკითხვა არ ეხება ერთ კონკრეტულ თემას. კონკრეტულად ჩემ შემთხვევას გეტყვით, სამართალდამცველები არ ინტერესდებიან ჩემი აჟამინდელი საქმიაბობით. პროკურატურას აინტერესებს ჩემი ბიზნეს საქმიანობა, რომელიც 2008-2009 წელს ეხება.
სიმართლე გითხრათ ძლიან რთულია მსგავს პირობებში მუშაობა. წარმოიდგინეთ რვა საათიანი სამუშაო დღიდან 3-4 საათი დაკითხვაზე ვართ. ვერ ვახერხებთ სრულყოფილად მუშაობას. პლუს ამას ემატება ფსიქოლოგიური წნეხი რომელიც დაკითხვების შედეგად შეიძლება ადამიანს ქონდეს. მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ იქნებ დაფიქრდნენ ამ საკითხზე და დაუსვან საკუთარ თავს კითხვა თუ რატომ აირჩიეს თვითმართველობასთან მსგავსი ფორმით საუბარის ფორმა.
- ხელისუფლება პროკურატურაში დაბარებების სერიას, სამართლიანობის აღდგენას უკავშირებს...
- თვითმართველობაში მომუშავე ყველა ადამიანი მზად არის, პასუხი აგოს თავის საქციელზე, თუ რათქმაუნდა ჩვენი ბრალეულობა დამტკიცდება. თუმცა ასე წარამარა პროკურატურაში სირბილი არავის შეუძლია, რადგან აქ ქალაქი ზარალდება. ჩვენ ამ დაბარებების გადამკიდე იმ სამუშაოების 50%-ს ვერ ვასრულებთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა.
- დღეს გამართულ აქციას „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ აქციაზე ხალხი ძალით მიიყვანეთ
- აქციაში მონაწილეობდნენ მხოლოდ თვითმართველობაში დასაქმებული ადამიანები. თვითმართველობაში 3 500 პირი მუშაობს, რომლებიც ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტიდან ღებულობენ გარკვეულ ანაზღაურებას. ყველა თანამშრომელს, როცა შექმილი მდგომარეობა ავუხსენით, აქციიაში მონაწილეობის სურვილი თვითონ გამოთქვეს. ამასთან ხაზგასასმელია, რომ ჩვენ აქცია დავამთხვიეთ შესვენების საათებს, რომ მოქალაქეებს პრობლემა არ შექმნოდათ.
- ყბადაღებულ კოჰაბიტაციაზე მინდა გკითხოთ, როგორ მიმდინარეობს ახალ ხელისუფლებასთან მშვიდობიანი თანაცხოვრება ?
- ჩვენ რეალურად ვმუშაობთ სხვადასხვა სამინისტროებთან. მაგალითად რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან, ვთანამშრომლობთ გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით, როგორც ეს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმართველობის ურთიერთობას შეესაბამება. აქტიურად ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთანაც. თუმცა ძალოვანი უწყებების მიერ ჩვენზე განხორციელებული ზეწოლები გვაძლევს იმის თქმის უფლბას, რომ ჩვენ მუშაობაში ხელი გვეშლება და სამუშაო დრო არარაციონალურად იხარჯება.