
დეპუტატები წულუკიანს თვითმარქვია მინისტრს უწოდებენ და მისი ყველა ბრძანების გაუქმებას ითხოვენ
12:08:52     01-03-2013
იუსტიციის ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებაზე აგორებული სკანდალი არ ცხრება. მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და არა კვალიფიცირებული იურისტი, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობოებმა მკაცრი შეფასებები გააკეთეს.
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის“ ცენტრი თეა წულუკიანისაგან განმარტებას მოითხოვს, თუ სად და როდის აქვს მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თხოვნით მივმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და აღკვეთოს აღნიშნული უკანონობა ქ-ნი თეა წულუკიანის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებით.
„მნიშვნელოვანია ასევე, რომ სამართლებრივი წესით გაუქმდეს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი დანიშვნის დღიდან გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი, თუ მოქმედება, რამდენადაც ისინი გამოცემული და განხორციელებული იქნა არაუფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, მათ შორის უნდა შეწყდეს არაუფლებამოსილი პროკურორების მიერ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა",- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
შეფასებები გაკეთდა საპარამენტო იმცირესობაშიც: „თვითმარქვია იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება არის უკანონო, მათ შორის, კბილაშვილის მთავარ პროკურორად წარდგენა უკანონო მინისტრის მიერ და უკანონოდ დანიშნული მთავარი პროკურორის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება, მათ შორის აბსურდული ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების დაკავება-დაპატიმრებები“,- აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი.
დეპუტატი წულუკიანისგან იურისტის დიპლომის ასლის წარდგენას მოითხოვს. მისი თქმით, „მას შემდეგ, რაც უკანონოდ დაინიშნა თავი იუსტიციის მინისტრად, ის შეეცადა დანაშაულის კვალიც დაეფარა.
კერძოდ, პარლამენტში შემოიტანა საკუთარი უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც, იუსტიციის მინისტრს უკვე აღარ დასჭირდება იურიდიული განათლება. ის, რომ ეს კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროშია დაწერილი, თავად კობა დავითაშვილმა აღიარა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, თუმცა კანონის დარღვევით, განმარტებით ბარათში, კვალის დაფარვის მიზნით, კანონპროექტის ავტორად მხოლოდ კობა დავითაშვილია მითითებული.
თაქთაქიშვილი: „აღმოჩნდა, რომ იუსტიციის მინისტრი და მთავარი ბრალმდებელი იურისტი არ ყოფილა: ახლა უკვე ცხადი ხდება, რომ ის მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან არაერთგზის მიუთეთებდა, რომ მაღალი კვალიფიკაციის იურისტია“.
როგორც „პრესა.ჯი“-ს კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, თუ პირს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს, მისი დანიშვნა იუსტიციის მინისტრად კანონის უხეში დარღვევაა.
თავის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით თავად იუსტიციის მინისტრი განცხადებას არ აკეთებს. თუმცა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალურად აცხადებენ, რომ წულუკიანი, მიღებული დიპლომის მიხედვით არა იურისტი, არამედ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტიცა. პროკურატურის შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან იუსტიციის მინისტრი, ამავე დროს არის პროკორორიც, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.