
თეა წულუკიანი შესაძლოა სასამართლოს ძალით გადააყენონ
13:51:43     28-02-2013
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, „პრესა.ჯი“-ს უდასტურებს, რომ პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს იუსტიციის მინისტრად (იუსტიციის მინისტრი, ამავე დროს პროკურორიცაა), თუ მას უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს.
მისი განცხადებით, იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად, უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებელი და კატეგორიული მოთხოვნაა.
კანონმდებლობაში, ამ პოსტის დასაკავებლად, უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებელია იმიტომ რომ იუსტიის მინისტრი პარალელურად არის პროკურორიც, რომელიც ბრალს უყენებს ადამიანებს.
დემეტრაშვილის მსგავსად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში კი, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს.
კანონმდებლობა
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი "პრესა.ჯი"-სთან საუბარში ამბობს: „კანონში პროკურატურის შესახებ (მუხლი 31), პირდაპირ წერია ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროკურორის პოსტზე დასანიშნი პირი, მათ შორის იუსტიციის მინისტრი.
მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. დანარჩენი მოთხოვნები, საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟი იუსტიციის მინისტრზე არ ვრცელდება.
მთავარია იუსტიციის მინისტრს, რომელიც ამავე დროს პროკურორიცაა, ჰქონდეს იურიდიული განათლება.
შესაბამისად, კანონის მიხედვით, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებლად უნდა ჰქონდეს“.
"პრესა.ჯი" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, ლინა ღვინიანიძესაც დაუკავშირდა: „კანონი პროკურატურის შესახებ ამბობს: „პირი, რომელიც ინიშნება პროკურორად, მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება“. ეს მოთხოვნა წულუკიანზეც ვრცელდება.
იუსტიციის მინისტრს მოეთხოვება უმაღლესი იურიული განათლება, რადგან დღევანდელი კანონმდებლობით, იუსტიციის მინისტრი პროკურორად იწოდება და ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას“.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პროკურორის ფუნქცია დანიშვნისთანავე, გენერალ კალანდაძის დაკავების დროს გამოიყენა. მან, ბრალი პირადად წაუყენა გენ-შტაბის უფროსს და ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა. „მე წავუყენე ბრალი გიორგი კალანდაძეს და მე დავაპატიმრე ის“, - ამბობდა მაშინ იუსტიციის მინისტრი.
კანონიერია თუ არა, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრად დანიშვნა?
დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობაზე დანიშვნის კანონიერება, ეჭვქვეშ იმიტომ დააყენა რომ მისი აზრით, მას უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს.
მართალია წულუკიანმა საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ მან საერთაშორისო ურთიერთობების განხრა აირჩია, რაც თავის მხრივ, უმაღლეს იურიდიულ განათლებას გამორიცხავს.
„იქნებ გაგვცეთ პასუხი, თქვენს ამჟამინდელ მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს, აქვს თუ არა, უმაღლესი იურიდიული განათლება?
უკაცრავად, მაგრამ სიტყვაზე ვერ გენდობით.
ამისათვის საჭიროა, დოკუმენტალურად დადასტურდეს, რომ ქ-მა წულუკიანმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა სამართლის განხრით.
თუ ეს ასე არ არის, მაშინ სავარაუდოდ, თქვენი მინისტრი მოქმედი უკანონობაა“, - ასე მიმართავს უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძე იუსტიციის სამინისტროს.
წულუკიანის ბიოგრაფია
იუსტიციის მინისტრის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ: "თეა წულუკიანი დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი.
იგი იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და წარმატებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი 1997 წელს; პარალელურად სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1998 წელს.
1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.
1998 წელს, წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც საფრანგეთის პრემიერმინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს.
ENA-ში სწავლის პერიოდში, იგი მუშაობდა სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებსა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის სხვა საკითხებზე.
თ.წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა 2000 წელს დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA). 2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა.
იურისტის თანამდებობაზე მის მოვალეობებში შედიოდა: საქართველოს და და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა.
2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. 2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, ხოლო 2009 წლიდან - მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე.
2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა. 2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა თავისუფალ დემოკრატებს, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ კი, თ.წულუკიანი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად“.
როგორ განვითარდება მოვლენები?
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხით უკვე დაინტერესდნენ. არასამთავრობოების განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს, ისინი მის გადაყენებას სასამართლოს ძალით მოითხოვენ.
ასევე, თუ დადასტურდა რომ თეა წულუკიანს არ აქვს უმაღლესი იურიდიული კვალიფიკაცია, ექსპერტთა აზრით, გამოდის, რომ მისი ყველა ქვედება უკანონოა. მათ შორის უკანონოა იუსტიციის მინისტრის მიერ თავდაცვის სამინისტროს გენ-შტაბის უფროსის დაკავებაც და მისთვის ბრალის წაყენებაც.
ქალბატონი წულუკიანი ამჟამად მივლინებაში იმყოფება, ამიტომ, იუსტიციის სამინისტროში, მასთან მოთათბირების გარეშე, კომენტარზე თავს იკავებენ.