რუსი ექსპერტი: ონიშენკოს პოზიცია "ზევიდანაა" ნაკარნახევი

  11:32:23     28-02-2013

რუსეთის პრობლემური ანალიზის ცენტრის ექსპერტი მაქსიმ ვილისოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის სანიტარული ექიმის - გენადი ონიშენკოს პოზიცია (რომ უკან გაიწვევს თბილისში გამოგზავნილ ექსპერტებს, რომლებიც ღვინის ხარისხს ამოწმებენ) პოლიტიკურ დონეზეა შეთანხმებული. 

ვილისოვი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან არსებობს მითითება, რომ ურთიერთობის სწორედ ასეთი დონე შეინარჩუნონ, რითაც საქართველოს თავის ადგილს მიუთითითებენ.

შეგახსენებთ, გენადი ონიშენკო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებმა გააღიზიანა, როცა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ჩინოვნიკები გააკრიტიკა და რუსი ექსპერტების მიმართაც დააფიქსირა თავისი პოზიცია. პრეზიდენტის თქმით, ის ვერ ხედავს აზრს რუსი ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლაში.

„ჩვენი ჩინოვნიკები უკანა ფეხებზე დგანან, ღვინის საწარმოების წარმომადგენლები ხელის კანკალით უსხამენ მათ ღვინოს, უყურებენ მათ რეაქციას - მოსწონთ თუ არა“,- აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მას ეს სიტუაცია აგონებს რუსი მწერლის ნიკოლოზ გოგოლის ნაწარმოებს „რევიზორი“.

„ჩვენთან მოდის რევიზორი. რა სურს რუს ჩინოვნიკს, ყველამ იცის. ჩაუდე ჯიბეში ორი კაპიკი და წავლენ ბედნიერები. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ისინი შესამოწმებლად ჩამოვიდნენ?!“,- განაცხადა პრეზიდენტმა ორი დღის წინ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

P.S: გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ექსპერტების შემდეგ, საქართველოში შესაძლოა გენადი ონიშენკოც ჩამოვიდეს, რომელსაც თან კრემლის წარმომადგენლებიც ჩამოჰყვებიან. ჯერჯერობით უცნობია ონიშენკოსა და კრემლის მეისრეთა ვიზიტის კონკრეტული მიზნები და ამოცანები, თუმცა, პოლიტოლოგთა ვარაუდით, მათი ვიზიტი შესაძლოა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან იყოს კავშირში.