26 მაისს მოკლული პოლიციელის დედა: ბურჯანაძე მკვლელია, ის ჩემი შვილის სისხლს ვერ ჩამოირეცხავს

  18:37:37     27-02-2013

„პრესა.ჯი“ 2011 წლის 26 მაისს ბურჯანაძის ესკორტის მიერ მოკლული პოლიციელის, 33 წლის ვლადიმერ მასურაშვილის დედას, ქალბატონ ანა აზნაურაშვილს ესაუბრა. 

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ  2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის დროს, როდესაც ნინო ბურჯანაძე ოჯახთან ერთად  გაიქცა, მისი ესკორტის ერთ-ერთი მანქანა, რომელსაც ბიბილური მართავდა, ხალხში შევარდა და ხუთ ადამიანს დაეჯახა. „მათ შორის იყო ჩემი შვილი, ვლადიმერ მასურაშვილიც, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა“, - ამბობს შვილმოკლული დედა. 

აღსანიშნავია, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული ბიბილური, ახალი ხელისუფლების მიერ, ამნისტიით გათავისუფლდა. "ბიბილურის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანა და მისი გათავისუფლება სამართლიანი იყო", - უთხრა "აიტივის", ნინო ბურჯანაძემ.

ანა აზნაურაშვილი: „ნინო ბურჯანაძე გამოძიებას ობიექტურ ინფორმაციას არ მიაწვდის.  ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ მასთან შეხვედრა.  ის პირიქით - იქით ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას. მან არაფერი იცის... 

არსებობს კადრები, როგორ გადაუარა ბურჯანაძის ესკორტის ერთ-ერთმა მანქანამ ჩემ შვილს და სხვებს. 

ჩემ თვალში და საერთოდ, შეგნებული ადამიანების თვალში ბურჯანაძე მკვლელია. ის ჩემი შვილის სისხლს ვერასდროს ჩამოირეცხავს, რაც არ უნდა ბევრი ფული და გავლენები გამოიყენოს. 

- ქალბატონო ანა, ამნისტია შეეხო თქვენი შვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ ალექსანდრე ბიბილურს... 

- ბიბილურს თავისუფლება ბურჯანაძემ ფულით უყიდა. კაკაბაძე კი აცხადებს, რომ ბიბილურს ფული არ აქვს, მაგრამ მთავარი ხომ ის არის. მას ვიღაცამ აჩუქა თავისუფლება და ეს ვიღაცა სწორედ ბურჯანაძეა.  

ბურჯანაძის ოჯახი  სისხლით მოსვრილია. მაგათი პროვიცირებული იყო 26 მაისს ხალხის დარბევა...  სისხლისღვრა უნდოდათ. დღეს კი ამ ოჯახის წევრებს  უნდათ  საზოგადობაში თავი ისევ ამაყად გამოყონ, თითქოს არაფერი მომხდარა. 

- თუ აპირებთ, ალექსანდრე ბიბილურს ან ნინო ბურჯანაძეს უჩივლოთ? 

- მე ღამეები არ მძინავს, უსამართლობის გრძნობა მახრჩობს.  აუცილებლად ვიჩივლებ. მთავარია ამ ხელისუფლების პირობებში სამართლის დადგენა შევძლო. ახლაც ადვოკატებს ველოდები რომ საჩოვარი შვადგინო“.