![ფირცხალავა: კბილაშილი დაინტერესებული მხარეა ფირცხალავა: კბილაშილი დაინტერესებული მხარეა](http://presa.ge/img/multimedia/a23637.jpg)
ფირცხალავა: კბილაშილი დაინტერესებული მხარეა
13:43:28     25-02-2013
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის ავთენტურობის დამტკიცებამდე მარჩიელობას არ აპირებს.
ირაკლი ფირცხალავას პროკურატურა შემთხვევის ადგილზე იარაღების მიტანას ედავება. პროკურატურამ ჩვენებები შეაცვლევინა 30-მდე მოწმეს, რომლებმაც ხელახალი დაკითხვისას განაცხადეს, რომ იარაღი არ უნახავთ.
კადრების გავრცელების შემდეგ, მოწმეთა ნაწილმა თქვა, რომ გამომძიებელი მათ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა. მათი განცხადებით, 9 წლის წინ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ფირცხალავას მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს.
მიუხედავად იმისა, ფირი უწყვეტია თუ დამონტაჟებული (ან სპეციალურად დადგმული), კბილაშვილი ვერ გაექცევა ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: კადრებში პოლიციელები ავტომატსა და ნაგანს პოულობენ და გაჰყვირიან, რომ დაკავებულები შეიარაღებულები არიან.
არსებობს ორი ვარიანტი: 1. დაკავებულები მართლაც შეიარაღებულები იყვნენ. 2. დაკავებულებს იარაღი ჩაუდეს.
თუმცა, ორივე შემთხვევაში დასტურდება, რომ კბილაშვილის ჯიბის მოწმეები ცრუობენ, რადგან ის, რომ კადრებში პატრული იარაღს პოულობს (ჩადებულსა თუ ჩაუდებელს) ცხადად ჩანს.
თუ ვინმემ იარაღი ჩაუდო ეჭვმიტანილს, მაშინ ის პიროვნება იმ პოლიციელებმა უნდა დაასახელონ, რომლებიც კადრებში ჩანან და რომლებიც ეჭვმიტანილების მანქანაში იარაღებს პოულობენ. თუმცა, კბილაშვილის პროკურატურას, ეს პოლიციელები, ამ კუთხით, ამ დრომდე არ დაუკითხავს.
რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი, სატელევიზიო კომენტარების კეთების ნაცვლად „სწორედ იმ 5 პოლიციელის დაკითხვთ უნდა დაკავდეს, რომლებიც კადრში ნაპოვნი იარაღით ხელში დარბიან“.
ირაკლი ფირცხალავა: თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზურაბ ბაქრაძე, ირწმუნება, რომ ჩემ მიერ გავრცელებული კადრები დამონტაჟებულია. თუმცა ვსვამ კითხვას, რომელი ექსპერტი მყავს ბაქრაძე? არც მე ვარ ექსპერტი, რომ ფირის ავთენტურობაზე დავდო თავი. ვიდეომასალის ავთენტურობის დამტკიცება მხოლოდ დამოუკიდებელ ექსპერტიზას შეუძლია. ამიტომაც გადავეცი კადრები პროკურატურას.
აქ არის მეორე მომენტი, რატომ არ კითხავენ იმ ხუთ პოლიციელს, რომლებიც შემთხვევის დღეს, ავტომანქანიდან ამოღებული იარაღით დარბიან? სწორედ ამ ადამიანებმა უნდა თქვან, საიდან ამოიღეს ეს იარაღი - მანქანიდან თუ ვიღაცამ მისცა და უბრძანა კამერის წინ ირბინეთ ცეცხლსასროლი იარაღებითო.
- ბაქრაძე აცხადებს, რომ ვიდეომასალა მომხდარიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგაა გადაღებული...
- ხალხო გაიგეთ, მე და ჩემს მეგობრებს შემთხვევის ადგილზე იარაღის მიტანას გვედავებიან. რაც არ უნდა დამონტაჟებული იყოს კადრები, აშკარად ჩანს, რომ პატრულის თანამშრომლები უკვე დარბიან იარაღით. ხომ ამბობენ, რომ ბიჭებს იარაღი არ ჰქონიათ და ის შემდეგ მივიტანეთ, მაშინ რატომ დაიჭირეს ის 5 ადამიანი?
- ქვეყნის პირველმა პროკურორმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას განუცხადა, რომ ვიდეომასალას ექსპერტიზა, საქართველოს გარდა, კიდევ სამ ქვეყანაში ჩაუტარდება...
- ჩემი, ჩემი ადვოკატის და გამომძიებლის თვალწინ დაილუქა ერთადერთი "ფლეშკა", ვსვამ კითხვას: როგორ შეძლეს დალუქული მასალის კოპირება?
- ეჭვი გაქვთ, რომ დალუქული მასალა გახსნეს?
- მე არაფერს ვამტკიცებ... შეიძლება დალუქვამდე გადააკოპირეს, თუმცა ასე რომც მოქცეულიყვნენ, მაინც აშკარა შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე. უნდა გავეფრთხილებინეთ. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ბატონი კბილაშვილის უწყება, თუ სამი ქვეყნიდან ფირის ავთენტურობაზე განსხვავებული შედეგები მოვიდა.
გუშინ გაკეთებული განცხადება იურისტის განცხადებისგან შორს იყო. შეგრძნება გამიჩნდა რომ კბილაშილი დაინტერესებული მხარეა. არ გამოვრიცხავ, რომ ბატონმა არჩილმა, კოპირებასთან დაკავშირებით განცხადება ზედაპირულად გააკეთა და არ იყო საქმის კურსში, თუმცა მტკიცებით ფორმაში საუბარი რომ ფირი დაკოპირებულია, ცოტა უხერხულია.
ამას სჯობია, ის 5 პოლიციელი დაკითხონ, რომლებიც კადრებში იარაღით დარბიან. ერთი კვირა გავიდა რაც ფირი გადავეცი პროკურატურას და არც ერთი მათგანი ამ დრომდე არ არის დაკითხული.