შავგულიძემ პური ჭამა...

  17:20:01     20-02-2013

2010 წელს, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში ბრალდებული თორნიკე კაჭარავა დღემდე მიმალვაშია. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და გაასამართლეს. სასამართლომ კაჭარავა დამნაშავედ სცნო თავისი მეგობრის, სანდრო გოგბერაშვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და სამი პირის მკვლელობის მცდელობაში. მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

გამოძიების მასალებიდან... 

საქმის მასალების მიხედვით, სანდრო გოგბერაშვილი და თორნიკე კაჭარავა გრიბოედოვის ქუჩაზე შეხვდნენ ზურაბ ტარყაშვილს, დავით და ლევან ჩიჩუებს. საქმის მასალების მიხედვით, გოგბერაშვილმა ტარყაშვილს იარაღი ამოუღო (შელაპარაკება მათ შორის წინა დღეს მოხდა, ტარყაშვილის მიერ გოგბერაშვილისთვის თავზე ხელის გადასმის გამო), რა დროსაც მას ტარყაშვილმა და მისმა მეგობრებმა იარაღიანი ხელი ძირს დააწევინეს. გოგბერაშვილმა ასფალტის მიმართულებით ორჯერ გაისროლა.

ამის შემდეგ, „არკაში“, სადაც ბნელობა (იმ დროს გათიშული იყო ელექტროენერგია), შევარდა გოგბერაშვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა და დაჭრა: ზურაბ ტარყაშვილი (ხელში და ფეხში), ლევან ჩიჩუა (გულ-მკერდის არეში) და დავით ჩიჩუა (ფეხში). კაჭარავას გასროლილი ტყვია შემთხვევით, თავის არეში მოხვდა მისივე მეგობარს, სანდრო გოგბერაშვილს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, ლევან ჩიჩუას სხეულიდან ამოღებული ტყვია იდენტური იყო სანდრო გოგბერაშვილი სხეულიდან ამოღებული ტყვიისა. ე.ი. ლევან ჩიჩუა დაჭრეს იმ იარაღიდან, რომლიდანაც მოკლეს სანდრო გოგბერაშვილი.

გამოძიების მიხედვით, კაჭარავას მიერ წარმოებული სროლების შემდეგ, „არკის“ შიგნიდან, შემოსასვლელის მიმართულებით გაისროლეს ლევან ჩიჩუამ და ზურაბ ტარყაშვილმა. ტარყაშვილისა და ჩიჩუას გასროლილი ტყვია მოხვდა გარეთ მდგომ მანქანას (რაც ჩატარებულმა ბალისტიკურმა ექსპერტიზამაც დაადასტურა).

გამოძიებამ ამოიღო სამი იარაღი, რომელიც ეკუთვნოდათ: ლევან ჩიჩუას, ზურაბ ტარყაშვილსა და სანდრო გოგბერაშვილს. იარაღებზე ჩატარდა ამოცნობა. ამოცნობის ოქმის მიხედვით, ზურაბ ტარყაშვილმა ამოიცნო თავისი იარაღი (იარაღის ტარს მოხვედრილი ჰქონდა ტყვია, ხოლო ტარყაშვილი დაჭრილი იყო იმ ხელის ნეკა თითში, რომლითაც იარაღი ეჭირა), საკუთარი იარაღი ამოიცნო ლევან ჩიჩუამაც. ხოლო სანდრო გოგბერაშვილის იარაღი ამოიცნო მისმა მამამ, ივერი გოგბერაშვილმა.

იარაღებს ჩაუტარდა ბალისტიკური ექსპერტიზა და დადგინდა: ამოღებული სამი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან, რომლებიც ეკუთვნით: ზურაბ ტარყაშვილს, ლევან ჩიჩუასა და სანდრო გოგბერაშვილს, არც ერთი არ არის მკვლელობის იარაღი. ე.ი ამ იარაღებიდან გასროლილი ტყვიით ამ მომხდარა ზურაბ ტარყაშვილის, ლევან ჩიჩუასა და დავით ჩიჩუას დაჭრა. ასევე დადგინდა, რომ ამ იარაღებიდან გასროლილი არც ერთი ტყვია არ მოხვედრია სანდრო გოგბერაშვილს. 

გამოძიების მასალებში წერია, რომ საქმეში სულ ოთხი იარაღი (ოთხივე „მაკაროვის“ ტიპის) ფიგურირებს...

მოწმეთა ჩვენებები

გამოძიებამ დაკითხა ათეულობით მოწმე. მათ შორის იქვე მდებარე კაფის პერსონალი და კაფეში მყოფი ადამიანები. დაიკითხნენ სანდრო გოგბერაშვილის ორი მეგობარი, რომელიც სროლების დაწყებამდე კაფეში ისხდნენ...

სანდრო გოგბერაშვილის ერთ-ერთი მეგობრის, ცნობილი მსახიობის, ჟანრი ლოლაშვილის შვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იმ დღეს კაფეში იმყოფებოდა სანდრო გოგბერაშვილთან ერთად, ლუდის დალევის მიზნით. ჩვენების მიხედვით, მათთან მივიდა სანდრო გოგბერაშვილის მეგობარი, რომელსაც არ იცნობდა. 

მისთვის უცნობი პიროვნება, ლოლაშვილს გოგბერაშვილმა გააცნო, როგორც მისი მეგობარი თორნიკე კაჭარავა. ლოლაშვილის ჩვენების მიხედვით, გაცნობიდან მალევე, გოგბერაშვილი და კაჭარავა კაფედან ნაცნობებთან შეხვედრის მიზნით გარეთ გავიდნენ. რამდენიმე წუთში კი, კაფეში, უკან შემოვარდა აღელვებული თორნიკე კაჭარავა, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი და ყვიროდა: „გამეჭედა“. ლოლაშვილის ჩვენების მიხედვით, კაჭარავა კაფედან რამდენიმე წამში ისევ გავარდა და სროლაც დაიწყო...

ლოლაშვილს გამოძიებისას ამოცნობილი ჰყავს თორნიკე კაჭარავა და საქმის მასალებში არსებულ მის ფოტოზე მიუთითებს, რომ სწორედ ეს პიროვნება, თორნიკე კაჭარავა იყო იმ საბედისწერო დღეს გოგბერაშვილთან ერთად, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი, გავარდა კაფედან და სროლაც დაიწყო...

იგივე აღწერს გარდაცვილ სანდრო გოგბერაშვილის მეორე მეგობარიც. მასაც, მოწმე ლოლაშვილის მსგავსად, ამოცნობილი ჰყავს თორნიკე კაჭარავა. ის, ერთი-ერთზე იმეორებს ლოლაშვილის ჩვენებას.

სანდრო გოგბერაშვილის ორი მეგობრის გარდა, თორნიკე კაჭარავა ამოიცნეს კაფეში მყოფმა 7-მდე ადამიანმა. მათ გამოძიებას ცალსახად განუცხადეს, რომ კაჭარავა იყო შეიარაღებული, კაფედან გავარდა და დაიწყო სროლა. რამდენიმე წამის შემდეგ კი, როცა სროლა შეწყდა, დამატებით გაიგეს ორი-სამი ყრუ გასროლა („არკის“ შიგნიდან „არკის“ შესასვლელის მიმართულებით - ზურაბ ტარყაშვილისა და ლევან ჩიჩუას გასროლა - ტყვიები მოხვდა გარეთ მდგომ მანქანას)...  

გამოძიებას ჩვენებები მისცა ორმა სტუდენტმა გოგონამაც. ერთ-ერთი ჩვენებაში წერს: „მამაჩემი იყო პოლიციელი და კარგად ვერკვევი იარაღებში. დარწმუნებული ვარ, რომ როცა ჩემთვის უცნობი პიროვნება, როგორც შემდგომში გაირკვა, თორნიკე კაჭარავა კაფეში შემოვარდა, მას ხელში ეჭირა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი“.

მეტიც: გამოძიებას ჩვენება მისცა გარდაცვლილ სანდრო გოგბერაშვილის მამამ, ივერი გოგბერაშვილმა. ივერი გოგბერაშვილის ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ იმ დღეს, მან დაინახა თუ როგორ მორბოდა თორნიკე კაჭარავა გრობოედოვის ქუჩაზე. ივერი გოგბერაშვილის ჩვენების მიხედვით, მან გააჩერა თორნიკე კაჭარავა და ჰკითხა თუ რა მოხდა. კაჭარავამ კი უპასუხა: „გვესროლეს და სანდრო კონსერვატორიისკენ გაიქცა“ (სტატიის ავტორის შენიშვნა: სასიკვდილოდ დაჭრილი სანდრო გოგბერაშვილი „არკის“ სიღრმეში იმყოფებოდა. ის კონსერვატორიისკენ არ გაქცეულა. სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა).  

და კიდევ: გრობოედოვის ქუჩისა და ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში, ნაპოვნია ერთი მასრა, რომელიც, ექსპერტიზის მიხედვით, მკვლელობის იარაღიდან არის გასროლილი. საქმეში არსებობს ამ ქუჩების კვეთაზე მდებარე სილამაზის სალონის თანამშრომლის ჩვენება, სადაც მოწმე წერს: „დავინახე, რომ გრიბოედოვის ქუჩაზე ფეხით მორბოდა პიროვნება, რომელმაც გაისროლა“ (მოწმეთა ჩვენებებითა და უტყუარი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ზურაბ ტარყაშვილი, ლევან ჩიჩუა და დავით ჩიჩუა შემთხვევის ადგილიდან მეგობრის - ლატარიას მანქანით წავიდნენ, ხოლო თორნიკე კაჭარავა გრიბოედოვის ქუჩაზე ფეხით გაიქცა).

ე.ი გამოძიების მასალებიდან უტყუარად დასტურდება შემდეგი: თორნიკე კაჭარავა იმყოფებოდა სანდრო გოგბერაშვილთან ერთად. თორნიკე კაჭარავა იყო შეიარაღებული, რასაც ადასტურებენ როგორც კაფის თანამშრომლების, ისე კაფეში მსხდომი ადამიანები, მათ შორის სანდრო გოგბერაშვილის ორი მეგობარიც. თორნიკე კაჭარავა გარბოდა გრიბოედივის ქუჩაზე (ფეხით), რასაც თავის ჩვენებაში წერს გარდაცვლილ სანდრო გოგბერაშვილის მამა, ივერი გოგბერაშვილიც. 

სად არის მკვლელობის იარაღი?

გამოძიების მასალებში დევს თორნიკე კაჭარავას დეიდის მეგობრის ჩვენებაც. ამ ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გვიან ღამით, კაჭარავას დეიდას მანქანით გაჰყვა მისი მეგობარი. ჩვენებაში კაჭარავას დეიდის მეგობარი წერს, რომ მათ მანქანა გააჩერეს ხიდზე, რომელიც გლდანთან მდებარეობს. ის ჩვენებაში მიუთითებს, რომ მანქანის გაჩერების შემდეგ, მანქანიდან გადავიდა თორნიკე კაჭარავას დეიდა და მდინარე „მტკვარში“ გადააგდო „რაღაც“. 

გამოძიებამ დადგინა: კაჭარავას დეიდასა და მის მეგობარს, მანქანით უკან მიჰყვებოდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ისინი მათ უთვალთვალებდნენ. მათი ვერსიით, ისინი, შესაძლოა, მკვლელობაში ბრალდებულ ძებნილთან - თორნიკე კაჭარავასთან მისულიყვნენ, რომელიც გამოძიებას ემალებოდა.

თუმცა, როცა პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, რომ კაჭარავას დეიდამ და მისმა მეგობარმა მანქანა ხიდზე გააჩერეს და მდინარეში „რაღაც“ გადააგდეს, მივიდნენ და მკვლელობის იარაღის ძებნა დაიწყეს. ადგილზე მიიყვანეს სპეციალისტებიც, მაგრამ იმის გამო, რომ „მტკვარი“ იქ შედარებით ღრმა და „სწრაფია“, ნივთმტკიცება ვერ იპოვეს.  

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი შალვა შავგულიძე

პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე კაჭარავას ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორის, ლუბა ელიაშვილის ქმარი, ადვოკატი შალვა შავგულიძე ლობირებდა. ის, არაოფიციალურად, კაჭარავას ინტერესებს წარმოადგენდა. ოფიციალურად კი ივერი გოგბერაშვილის ადვოკატი იყო.  

თორნიკე კაჭარავას საქმეს ამჟამად სააპელაციო სასამართლო იხილავს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შალვა შავგულიძე უკვე არა ადვოკატი, არამედ პარლამენტის წევრია, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციებში მაინც ლობირებს ბრალდებულს და „საქმის დანგრევას“ ითხოვს.

თორნიკე კაჭარავა, რომელმაც გამოძიების მასალებისა და მოწმეთა ჩვენების მიხედვით, დაჭრა სამი პირი და შემთხვევით მოკლა საკუთარი მეგობარი, სანდრო გოგბერაშვილი, რომელიც დაემალა გამოძიებას, ხოლო „მაკაროვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი დეიდას „მტკვარში“ გადააგდებინა, რომლის უშუალო მეგობრებმაც რუსთაველის გამზირზე, ზურაბ ტარყაშვილი მოკლეს, დღეს დეპუტატ შალვა შავგულიძის მიერ „საქმის მოკვარახჭინებისა“ და მოწმეთა დაშინების იმედზეა. 

სხვა გარემოებები

თორნიკე კაჭარავას, წინა ხელისუფლების დროს, ძალოვან სტრუქტურასთან დაახლოებული ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი მფარველობდა. მისი დედა ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. კაჭარავას მფარველები ჰყავდა როგორც მთაწმინდის, ისე თბილისის პოლიციაში. მისი დეიდის მეგობარი, რომელიც (გლდანის ხიდთან იმყოფებოდა), პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის ახლობელია.

როგორ განვითარდა მოვლენები? სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის შემდეგ, პოლიციამ „არამიანცის“ საავადმყოფოში დააკავა ზურაბ ტარყაშვილი, ლევან ჩიჩუა და დავით ჩიჩუა. ზურაბ ტარყაშვილსა და ლევან ჩიჩუას, ბრალი ხულიგნობისა და იარაღის უკანონო ტარება-გამოყენებისთვის წაუყენეს, ხოლო დავით ჩიჩუას ხულიგნობის მუხლით.

ისინი ამავე ბრალდებით გაასამართლეს და თავდაპირველად, ზურაბ ტარყაშვილს 9, ლევან ჩიჩუას 10 და დავით ჩიჩუას 4 წლით პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით, ზურაბ ტარყაშვილმა და ლევან ჩიჩუამ წაყენებული ბრალდება (ხულიგნობა და იარაღის ტარება-გამოყენება) აღიარეს და გამოძიებამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საბოლოოდ, ზურაბ ტარყაშვილს 2, ხოლო ლევან ჩიჩუას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

23 წლის ჩოგბურთელი, ზურაბ ტარყაშვილი ციხიდან 2011 წლის 4 ოქტომბერს, ვადაზე ადრე (6 თვე ჰქონდა დარჩენილი) გათავისუფლდა. ის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ვერაგულად მოკლეს: გამოძიებამ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა დავით რუსიშვილს (რუსიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს, დამნაშავედ სცნეს და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს. მას 21 წელი მიუსაჯეს), მიმალვაში მყოფ ირაკლი აგლაძეს (მას დაუსწრებლად 31 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს) და ივერი გოგბერაშვილს (ის კიევში დაიჭირეს, საქართველოში ჩამოიყვანეს და გაასამართლეს - მიესაჯა 24 წელი.

გამოძიების ინფორმაციით, ტარყაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა ივერი გოგბერაშვილმა იცოდა, რომ მისი შვილი შემთხვევით მოკლა სანდრო გოგბერაშვილის მეგობარმა თორნიკე კაჭარავამ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან დაიფიცა, რომ შურს იძიებდა ყველა იმ ადამიანზე, ვინც „არკაში“ იმყოფებოდა). 

სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში ბრალდებული თორნიკე კაჭარავა დღემდე იძებნება და არ არის დაკავებული. ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში მონაწილეები: დავით ჯოხაძე და ირაკლი აგლაძე არიან თორნიკე კაჭარავას მეგობრები, რომლების ასევე იძებნებიან.

როგორც ზურა ტარყაშვილის დედა ამბობს: „თორნიკე კაჭარავა, ირაკლი აგლაძე, დავით ჯოხაძე და სხვა პირები არიან შეიარაღებული დაჯგუფების წევრები და წარმოადგენენ საშიშროებას საზოგადოებისთვის. 

დადის ხმები, რომ ისინი პირები აპირებენ ყველას მოკვლას, ვინც იმყოფებოდა გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე „არკაში“. შესაბამისად, მოვითხოვ სამართალდამცავებისგან მაქსიმალურ ყურადღებას, რადგან არ განმეორდეს იგივე“.

ზურა ტარყაშვილის საქმის გამოძიება გრძელდება: პროკურატურას ჰყავს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი - დავით ჯოხაძე, რომელსაც არსებული ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდება ამ დღეებში წარედგინება. ზუსტდება სხვა თანამონაწილე პირების როლი და ფუნქცია 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეშიც. 

P.S: სტატიაში გამოყენებულია მხოლოდ გამოძიების მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები და ოფიციალური მტკიცებულებები. დაინტერესებულ პირებს, სტატიაში მოყვანილი მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის ივერი გოგბერაშვილის ჩვენებაც, შეუძლიათ გადაამოწმონ პროკურატურასა და მკვლელობის საქმეში, რომელიც თორნიკე კაჭარავასა და ივერი გოგბერაშვილის ადვოკატებს გადაეცათ.