
რუსეთის პოლიტიკის კონცეფციაში პრიორიტეტი აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის გამყარებაა
11:05:11     20-02-2013
რუსეთმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია მიიღო, რომელშიც „არსებული პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით“ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებაზეა საუბარი და იმავდროულად, ერთ-ერთ პრიორიტეტად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის გამყარებაა დასახული.
კერძოდ, კონცეფციაში ნათქვამია, რომ „რუსეთის პრიორიტეტებს შორის რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებად ქცევა, მათი საერთაშორისო პოზიციების გამყარება, საიმედო უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა“.
ამის შემდეგ პუნქტად მოდის ჩანაწერი საქართველოს შესახებ. კერძოდ, „რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენით იმ სფეროებში, რომლებშიც ამისათვის მზად არის ქართული მხარე, პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, რომლებიც ამიერკავკასიაშია შექმნილი“.
კონცეფციაში ასახულია რუსეთის პრეტენზია ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით და წერია, რომ „რუსეთი ინარჩუნებს უარყოფით დამოკიდებულებას ნატოს გაფართოებისა და ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების მიმართ“ - წერია კონცეფციაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.