რატომ ვერ ბედავს პროკურატურა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ოქრუაშვილის დაკითხვას?
15:14:38     13-02-2013
ბუტა რობაქიძის გახმაურებული მკვლელობა, რომელიც 2012 წლის 12 ნოემბერს მოხდა, დღემდე განხილვის საგანია. პროკურატურამ რობაქიძის მკვლელობის ფალსიფიკაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო, ბრალი წაუყენა შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს. თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს შს მაშინდელი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი.
პროკურატურის ვერსიით, პოლიციის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის უფროსებმა, გარდაცვლილ რობაქიძესა და მის მეგობრებს ცეცხლსასროლი იარაღები ჩაუდეს. ამის შემდეგ კი შეეცადნენ საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ ვერსია, რომ რობაქიძე და მისი მეგობრები შეიარაღებულები იყვნენ. შეგახსენებთ რომ 20012 წლის 12 ნოემბერს, ბუტა რობაქიძე პატრულმა ბაშალეიშვილმა მოკლა. მას ბრალი წაუყენეს და გაასამართლეს.
„ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მიქაძე, სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი დავითიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი ალექსანდრე გვაზავა, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი ზაზა ბაქრაძე.
აღნიშნულმა პირებმა გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა“, - ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.
ისმის კითხვა: გაბედავდნენ თუ არა, კრიმინალური პოლიციის უფროსი, საპატრულო პოლიციის უფროსი და თბილისის პოლიციის უფროსი გარდაცვლილისთვის იარაღების ჩადებასა და საქმის ფალსიფიცირებას, იმდროინდელი შს მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის უშუალო ჩარევისა თუ უბრალოდ, მისი თანხმობის გარეშე?
"რობაქიძის საქმეზე ოქრუაშვილი დაკითხული არ ყოფილა, ამიტომ არ ვიცი, რა იყო მისთვის ცნობილი და რა - არა", - ამბობს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.
შესაძლებელია თუ არა, საქმის ობიექტური გამოძიება მაშინ, როცა კბილაშვილ-წულუკიანის დუეტი, რობაქიძის მკვლელობის დროინდელი შს მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ვერ ბედავს?
„გამოძიება მიმდინარეობს და ვის დაკითხავენ ან ვინ დაიკიხა, ამ დეტალებზე ჟურნალისტებთან საუბარი მეკრძალება. გამოძიების დასრულების შემდეგ, საზოგადიებას საქმეზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოება“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ.
პარლამენტის წევრი, ლევან ბერძენიშვილი ამტკიცებს, რომ შს ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ხელშეუხებლობის გარანტია არ აქვს და მას, საჭიროების შემთხვევაში, დასაკითხად გამოიძახებენ.
„თუ პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ რომ ოქრუაშვიული უნდა დაიკითხოს, მაშინ ეს აუცილებლად მოხდება, რადგან კარგად დაინახეთ, რომ ოქრუაშვილს ხელშეუხებლობის გარანტია არ აქვს“, - აცხადებს „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ „ოქრუაშვილს ხელშეუხებლობის გარანტია არ აქვს“, მაგრამ ფაქტია, გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს მთავარი ფიგურა - შს იმდროინდელი მინისტრი, რომლის ბრძანების გარეშეც, მაშინ, პოლიციის ვერც ერთი მაღალჩინოსანი ასეთი გახმაურებული საქმის გაყალბებას ვერ გაბედავდა.
მკითხველს უბრალოდ შევახსენებთ: ეს ის პერიოდია, როცა შს მინისტრი ოქრუაშვილი პირადად უვარდებოდა ადამიანებს საძინებელ ოთახში და ტელეკამერების თანხლებით აპატიმრებდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრთა ადრინდელი პოზიციის მიხედვით, შეუძლებელია, ოქრუაშვილს არ სცოდნოდა „რობაქიძის საქმე“ ან მისი გაყალბება მინისტრისგან ფარულად მომხდარიყო.