გუნავა: 8 თებერვალს, შს მინისტრი მელორ ვაჩნაძე იყო და არა ირაკლი ღარიბაშვილი (ვიდეო)

  18:21:30     11-02-2013

პრეზიდენტის რწმუნებლი სამეგრელო-ზემო სვანეთში თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ 8 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მან შინაგან საქმეთა მინისტრის ამპლუაში - ყოფილი პატიმარი მელორ ვაჩნაძე დაინახა. როგორც გუნავამ „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას დირექტივებს ნანა კაკაბაძე და მელორ ვაჩნაძე აძლევდნენ. 

პრესა.ჯი: შს მინისტრმა უცხოელ დიპლომატებთან 8 თებერვალს განვითარებული მოვლენების ინსპირირებაში კიდევ ერთხელ დაგადანაშაულათ...

თენგიზ გუნავა: შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას გაურბის. ჩვენ მივეედით ბიბლიოთეკის შენობასთან მარტივი მიზეზის გამო, გვინდოდა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისთვის მოგვესმინა, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის სურვილით არ შედგა. ღარიბაშვილი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ თურმე იქ უსაფრთხოების კორიდორები იყო.

- ფაქტია, რომ პოლიციამ ადამიანების უსაფრთხოება ვერ დაიცვა, რისი ბრალი იყო ეს?

- პირველ რიგში, დაბნეულობის, ბიბლიოთეკასთან მინიმალური რაოდენობის პოლიციელი იმყოფებოდა, რომელთა დიდი ნაწილი შეხლა-შემოხლას ადევნებდა თვალს და მის განმუხტვას არ ცდილობდა. პოლიციელებს ასეთი ბრძანება ჰქონდათ, რომ აქციის მონაწილეებისთვის ჩვენი გალანძღვისა და ფიზიკური შეურაცხყოფის საშუალება მიეცათ. თუმცა, ამ პოლიციელებისგან იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბოდიშებს გვიხდიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა პირად საუბარში ისიც კი მითხრა რომ რცხვენოდა პოლიციელების ასეთი უუნარობის. 

- ინცინდენტში მონაწილე პირების აბსოლუტური უმრავლესობა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება?

- ამ ინცინდენტში, მელორ ვაჩნაძესთან ერთად, ნანა კაკაბაძე და თვითონ ღარიბაშვილი იყო ჩართული და როგორ ფიქრობთ, სამუშაოს შესრულებისთვის ციხეში ჩასვამდნენ?

ამასთან, დღეს გამართულ შეხვედრასაც მინდა შევეხო, ამ ოჯახაშენებულს, კადრები თუ როგორ არიან პოლიციელები კორიდორში ჩამწკრივებული, ინცინდენტის დღესვე ეჩვენებინა, დღეს ეს კადრები ინსცენირებას უფრო წააგავს, ვიდრე რეალობას. მსგავსი უსუსური განცხადებებით, საზოგადოებას თვალს ვერ აუხვევენ.

8 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მე შინაგან საქმეთა მინისტრის ამპლუაში მელორ ვაჩნაძე დავინახე, რომელიც პოლიციელებს მართავდა. ბოლო დღეებმა აჩვენა რომ შს მინისტრს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უჭირს. როდესაც ის აქციაზე მოვიდა მას ყოფილი პატიმრები აპლოდისმენტებით დახვდნენ, შემდეგ დაშლისკენ როცა მაუწოდა არ დაემორჩილნენ. ვაჩნაძემ კი ეს მალევე შეძლო. ამიტომ ვამბობ, იქ, 8 თებერვალს, შს მინისტრი მელორ ვაჩნაძე იყო და არა ირაკლი ღარიბაშვილი.