როგორ „აპრავებს“ პროკურატურა დეპუტატ ირმა ნადირაშვილის დის დაკითხვაზე გამოძახებას?

  16:57:10     07-02-2013

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის გუშინდელმა მწვავე გამოსვლამ ივანიშვილს შურისძიების სურვილი აღუძრა. ფობიებით, შიშებითა და დიქტატორისთვის დამახასიათებელი თვისებებით შემკულმა პრემიერმა, კბილაშვილს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და, ნათია ნადირაშვილი, დღეს 18:00 საათზე, რუსთავის პროკურატურაში დააბარებინა.

როგორი „საოცნებოდ დაბრმავებული“ უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ფაქტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და დევნად არ შეაფასოს. თუმცა, „მეოცნებე“ დეპუტატებს, ჰყოფნით თავხედობა და დეპუტატ ნადირაშვილის დის პროკურატურაში გამოძახებას, პოლიტიკას არ უკავშირებენ.

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, რატომ დაიბარეს დაკითხვაზე ნადარაშვილის და, დეპუტატის სიტყვით გამოსვლიდან მეორე დღეს? სწორედ ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ხათუნა პაიჭაძეს (აღსანიშნავია, რომ პაიჭაძემ ნადირაშვილის დაბარების მოტივის დადგენას საათზე მეტი დრო მოანდომა). 

„პრესა.ჯი“: რა მიზეზით დაიბარეს ირმა ნადირაშვილის და დაკითხვაზე?

პაიჭაძე: ქალბატონი ნადირაშვილი რუსთავის პროკურატურაში იკითხება. საქმე ეხება სოციალურ სააგენტოში მუშაობის პერიოდს. ამ თემაზე თითქმის ყველა სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი დაიკითხა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში საამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დოკუმენტაციის ამოღების მოტივით რამოდენიმე დღის წინ შევიდნენ.

- იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა კითხვები აქვს პროკურატურას ნადირაშვილთან?

- ვერ გეტყვით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაკითხვაზე ნადირაშვილი მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

- რატომ დაიბარეს ის პროკურატურაში მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობა მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა?

- მე გითხარით ჩემო კარგო, რომ მასთან გამოძიება სამი დღით ადრე შევიდა, ვიდრე პარლამენტში განცხადება გაკეთდა. ამიტომ, ეს კითხვა არ უნდა დაისვას. დაკითხულია ყველა სააგენტოს ხელმძღვანელი.

- უმცირესობა საუბრობს, რომ კბილაშვილი ივანიშვილის დირექტივების შემსრულებლად გადაიქცა...

- პოლიტიკური განცხადებების გაკეთბას არ ვაპირებ. ნადირაშვილის დაბარება მისი დის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდება“.

აღსანიშნავია, რომ კბილაშვილის უწყებამ გუშინ პარლამენტში გამართულ დებატებზე „ქართული ოცნების“ ჩაფლავების შემდეგ, მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაზე დაბარება განაახლა.

დღეს, პროკურატურაში ერთმანეთის მიყოლებით ასევე დაიბარეს, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი პარლამენტარი, გიორგი გოდაბრელიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან", ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, მერიის საბავშვო ბაღების სააგენტოს უფროსი, რამაზ სულამანიძე, "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ხახნელიძე და ისანი-სამგორის გამგებელი, თემურ გრიგალაშვილი.

როგორც ჩანს, ივანიშვილის მორჩილი კბილაშვილი, რომელიც დეპუტატთა და მათი ოჯახის წევრების დევნა-დაშანტაჟებითაა დაკავებული, მალე დაიმკვიდრებს ადგილს ცნობილი ბოლშევიკებისა და იმ საბჭოთა სახეების გვერდით, რომლებიც ხალხს პოლიტიკური ნიშნით იჭერდნენ.