რატომ ცდილობდა პატიმარი გაგა მკურნალიძე თავის მოკვლას?

  23:53:14     06-02-2013

რამდენიმე წუთის წინ, „პრესა.ჯი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ პატიმარი გაგა მკურნალიძე, რომელიც ე.წ. „მატროსოვის“ ციხეში იმყოფება, თავის მოკვლას ცდილობდა.

მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილეა. ის ციხის კადრების გამო დააკავეს. დღევანდელი ხელისუფლება, მას, სავარაუდოდ, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას „სთხოვს“, რაზეც კატეგორიულ უარს აცხადებს.

მკურნალიძის ახლობელთა განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და პროკურატურა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებს, რათა როგორმე გამოძალოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მთავარ პროკურორ კბილაშვილის განცხადებებისა, რეპუტაციაშელახული ბედუკაძის გარდა, დღემდე არ არსებობს არც ერთი მოწმე, რომელიც ბაჩო ახალაიას პატიმართა წამებაში დაადანაშაულებს.

მკურნალიძე წარმოშობით ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთადანაა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის პოსტი 2009 წლიდან ეკავა.

მკურნალიძის ახლობლები ამ წუთებში ე.წ. "მატროსოვის" ციხესთან იკრიბებიან. ისინი სამინისტროსგან მოითხოვენ პასუხს კითხვაზე - რატომ ცდილობდა პატიმარი თავის ჩამოხრჩობას. ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.