
ზეწოლის შედეგი: მარიკა ვერულაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა
18:43:46     05-02-2013
ივანიშვილის ხელისუფლების მიერ დეპუტატთა დაშინება-შანტაჟმა შედეგი გამოიღო. პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთმა ძველმა თანამოაზრემ, მარიკა ვერულაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის რიგები დატოვა. მან, ბიუროს განცხადებით გუშინ მიმართა, თუმცა, თავისი გადაწყვეტილება არ აუხსნია.
ვერულაშვილისა და მისი ოჯახის ზეწოლის თაობაზე, პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საუბრობდა. მაშინ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დეპუტატ ვერულაშვილს, ოჯახის წევრთა დაპატიმრებითა და ოჯახური ბიზნესის ჩამორთმევით ემუქრებიან. სააკაშვილს მხედველობაში ჰყავდა ვერულაშვილის მეუღლე.
სავარაუდოდ, ვერულაშვილის გიშინდელი დემარში, განპირობებულია ივანიშვილის აკვიატებით: როგორმე განახორციელოს ცვლილებები კონსტიტუციაში და პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჩამოართვას.
უმცირესობის წევრთა დატერორების შესახებ გუშინ სპეციალური განცხადება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმაც. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს უპრეცენდენტო ზეწოლა დეპუტატთა მიმართ, რათა როგორმე შეგროვდეს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო ხმები.