
დეპუტატებსა და მათი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ
16:26:41     04-02-2013
იმ დეპუტატებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ოჯახის წევრთა დაჭერითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, პარლამენტის „ნაციონალ“ წევრთა დაშინება-შანტაჟში ჩართულია შს სამინისტრო და მისი ხელძღვანელობა.
აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო უარყოფს. თუმცა, უმცირესობის წევრთა განცხადებით, იმის გამო, რომ ივანიშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აგროვებს, მზადაა ზეწოლის უკიდურეს ფორმებზე წავიდეს.
„პრემიერ მინისტრი, პარლამენტართა ზეწოლისთვის ყველა ბერკეტს იყენებს. მათ შორის პოლიციასაც, მაგრამ გარწმუნებთ, მიუხედავად უპრეცენდენტო დაშინებისა, ის საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებს და ვერ დაგვაშინებს“, - აცხადებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.
უმცირესობის მხარდამჭერთა ინფორმაციით, დეპუტატთა დაშინება-შანტაჟს მთავარი პროკურატურიდან ლაშა ნაცვლიშვილი, ხოლო შს სამინისტროდან კრიმინალური პოლიციის უფროსი, დავით ბედია და ე.წ. მოდერნიზირებული „კუდი“ კურირებს.
სქემა ასეთია: „ობიექტ დეპუტატზე აგროვებენ თითქოსდა მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას, სწვალობენ მისი ოჯახის წევრებს, გარემოცვას, მეგობრებს და ემუქრებიან მათი მასობრივი დაპატიმრებით.
მოსალოდნელი რეპრესიების შესახებ, სხვადასხვა წაყაროებით (ძირითადად საერთო ნაცნობების საშუალებით) საქმის კურსში აყენებენ „ობიექტ დეპუტატს“ და პირდაპირ ეუბნებიან - რა მოუვა მას და მის ახლობლებს თუ მხარს არ დაუჭერს ივანიშვილის ახირების გამო მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს“, - აცხადებენ უმცირესობაში.
უმრავლესობის მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ მუქარასა და შანტაჟს ადგილი არ აქვს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, დავით საგანელიძე ირწმუნება - თუ ხელისუფლებას მოუნდა, ისეთ ბერკეტებს ავამუშავებთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გარანტირებული გვექნება.
„თუმცა, ჩვენ ამ გზით არ მივდივართ და არ გვინდა სხვებს დავემსგავსოთ“ - ამბობს საგანელიძე. საპირისპიროზე მეტყველებს მისი დღევანდელი ტელე-პრესკონფერენცია, სადაც საგანელიძე, რომელსაც უკვე საკუთარი პარტიისა თუ კოალიციის წევრები უმხედრდებიან, შეფარული მუქარით მოუწოდებდა უმცირესობას - მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ექსპერტთა აზრით, ივანიშვილის ინიციატივა, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, მისსავე ფობიებს უკავშირდება და საკუთარი სკამის დაკარგვის შიშითაა გამოწვეული. საუბარია მოქმედი კონსტიტუციის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, დაითხოვოს მთავრობა, პრემიერ მინისტრის ჩათვლით და პარლამენტს დასამტკიცებლად საკუთარი კაბინეტი წარუდგინოს.
ხოლო თუ პარლამენტი სააკაშვილის წარდგენილ მთავრობას ზედიზედ სამჯერ მხარს არ დაუჭერს, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს დროებითი მთავრობა.