
რუსული რეკომენდაციები: ნატოზე და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე უარის თქმა
11:50:05     04-02-2013
რუსი ექსპერტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში იმ სასურველ ნაბიჯებზე მსჯელობენ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ყინულს გაალღობს. მათ ამ თემაზე სპეციალური მოხსნებაც მოამზადეს - „საქართველო არჩევნების შემდეგ და ქართულ-რუსული ურთიერთობები“. მასში ექსპერტთა ხედვაა ასახული, - რა უნდა გაკეთდეს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დათბეს.
ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს და ამ თემის დეპოლიტიზირებას ეხება, ასევე საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.
საუბარია საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობაზეც და აღნიშნულია, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი, ამიტომ რუსი ექსპერტების აზრით თბილისმა არჩევანი აქაც მოსკოვზე უნდა შეაჩეროს და უსაფრთხოების მიმართულებით სწორედ რუსეთის პარტნიორი გახდეს.
რუსი ექსპერტების აზრით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში პრობლემად რჩება საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიერბაც, რაც თბილისის მხრიდან, მათი შეფასებით უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია.
აღნიშნული მოხსენება, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა მოამზადეს, სხვა - ჰუმანიტარულ თემებსაც შეეხება. აღნიშნული მოხსენების პრეზენტაცია დღეს თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში იმართება.