კოალიციის მხარდამჭერი ‘’ქართული ოცნების’’ ოფისთან მეორე დღეა შიმშილობს

  10:53:17     04-02-2013

რუსთავის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიძე მეორე დღეა ‘’ქართული ოცნების’’ ცენტრალურ ოფისთან შიმშილობს. მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტის ვიცესპიკერმა დავით საგანელიძემ ალასანიას თანაგუნდელებს „ჩანერგილები“ და „აგენტები“ უწოდა.

„პროტესტის ასეთი უკიდურესი მიზეზი ის დეზინფორმაცია და ბრალდებებია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ტელევიზიით გავრცელდა. ჩემი მოთხოვნაა გაირკვეს ყველაფერი. ხალხი სიკეთის მოლოდინშია, ამ დროს კი გადაფასებები ხდება იმ ღირებულებების, რისთვისაც პირველ ოქტომბერს არჩევნებზე მივედით “,- აცხადებს ბერიძე და იქვე დასძენს, რომ მზად არის, ყველა იმ შეკითხვას უპასუხოს, რომელიც მასთან აქვთ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის პარტიის ლიდერებთან შეხვედრასაც ითხოვს.

გასულ კვირას დავით საგანელიძის განცხადებას, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანერგილები არიან კოალიციაში მძაფრი შეფასება მოყვა.

საგანელიძის წინააღმდეგ გამოსვლები რუსთავსა და აბაშაში ერთდროულად გაიმართა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი დაარსების დღიდან "ქართული ოცნების" აქტიური წევრები არიან. მათი თქმით, საგანელიძის მოთხოვნის შემდეგ  7 წევრი ორგანიზაციიდან გარიცხეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ბრალდებები მათი მისამართით უსაფუძვლოა და დავით საგანელიძემ ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.

თუმცა ბოდიშის ნაცვლად ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მაინც თავის პირველ ჩვენებას აწვება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" კოალიციაში "ჩანერგილი" პირების სიას სამართალდამცველებს გადასცემს.

რაც შეეხება პრემიერს, როგორც აღმოჩნდა ბატონი ივანიშვილი სრულად იზიარებს საგანელიძის ბრალდებებს.