
მიხეილ სააკაშვილი: ახალი სეპარატიზმის იდეას თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ (ვიდეო)
18:08:54     02-02-2013
საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში ვიზიტს განაგრძობს. მიხეილ სააკაშვილი დღეს ქობულეთის რაიონ სოფელ კვირიკეში მცხოვრებ ჯინჭრაძეების ოჯახს ესტუმრა და ციტრუსის რეალიზაციით დაინტერესდა.
მიხეილ სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით ნაკლებ ინტერესს ავლენს.
მიხეილ სააკაშვილი: ნებისმიერი მთავრობისთვის ციტრუსის ჩაბარება პრიორიტეტული უნდა იყოს. შენი სოფლის მეურნეობის მინისტრი არ უნდა წავიდეს პირველივე დღეს იქ სადაც მანდარინის კარგი მოსავალი მოვიდა და ციტრუსის გასაღებით ხომ უნდა დაკავდეს? მაგრამ ოქტრომბერში დანიშნულ მინისტრს აქ მოსასვლელად სამი თვე დასჭირდა და რომ ჩამოვიდა ის კი არ იკითხა რა გავაკეთოთ რომ ციტრუსი ჩავაბაროთო, არამედ ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალა. აგერ არიან მოწმეები, რომ წინა მთავრობის დროს მსგავსი პრობლემები არ არსებობდა.
მიხეილ სააკაშვილი რუსეთში არსებული ჯავახეთის ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ამოქმედებას გულისხმობს.
"აჭარაში ამ თემით ასლან აბაშიძე სპეკულირებდა. დღეს კი ახალი სეპარატიზმის იდეას თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. აფხაზეთიდან რკინიგზის გახსნა, საქართველოს გავლით სომხეთზე, რაც დღევანდელ ეტაპზე ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. მეორე ეს არის, როდესაც ჩახალიანი გამოუშვეს ციხიდან და ახლა ისე გათავხედდა, რომ ყოველდღე აკეთებს განცხადებებს. დაიწყო ორგანიზება და შემოტევა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე და წამოწია თემა ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოცხადებაზე. მათ უნდათ ნებისმიერ ფასად შექმნან რაღაც სახის ადმინისტრაციული ერთეული ჯავახეთში და ამ თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეა ის არის, რომ შეიქმნას ერთიანი ადმინისტრაციული ერთეული და როცა ის შეიქმნება, მერე მოითხოვონ მისთვის ალბათ, ავტონომია და მისი დამოუკიდებლობა საქართველოსგან. სხვა ამას არაფერი არ ჰქვია. ჩვენ გვინდა, რომ მთელი საქართველო განვითარდეს და ის კი არ ვიძახოთ, რომ ახლა მეცხრე ადგილზე ვართ და ამასაც დავკარგავთ, პირიქით, ამ რეიტინგებში საქართველო წინ უნდა წავიდეს და ყველაგან იყოს სათანადო ეკონომიკური პირობები, მაგრამ როგორც კი ჩვენ შევდივართ ამ დისკუსიაში, რომ შეიქმნას ახალი ადმინისტრაციული ერთული თავისუფალი ზონის სახით და თან დააკვირდით ვინ ამბობს, ამას არა ამბობს, სომხეთის მთავრობა და იქაური სომხები, ამას ამბობს არა თუნდაც მასობრივად ადგილობრივი საზოგადოება, რომელთაც ჩვენ გავუკეთეთ ჰესები, ახალციხეში ავაშენეთ დიდი ტურისტული ცენტრი, უზარმაზარ რკინიგზას ვაშენებთ, გზები ავაშენეთ და მათ ნახეს განვითარების სარგებელი, ამას ამბობს რუსეთის ე.წ. სომხური დიასპორა. ე.ი. ეს რას ნიშნავს, რომ ინიციატივა ისევ რუსეთიდან მოდის. ეს არის ზუსტად ის, რასაც ვამბობდით, რომ ეს არის ერთი გეგმის ნაწილი. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს არ დაუშვას. ამაზე დღეს სხვათაშორის ლაპარაკი და წაყრუება არ გამოვა. ეს არ არის ჩვეულებრივი საკითხი. ჩვენ ეს უკვე გავლილი გვაქვს წინა წლებში", - განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა დღეს ქვეყნის პირველმა პირმა ქობულეთში, ფილების ქარხნა დაათვალიერა.