პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატზე განხილვა გრძელდება

  18:19:49     01-02-2013

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 8 თებერვალს წარდგება.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.

"კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში შედგება 8 თებერვალს, პარასკევს, 14:00 საათზე.

პრეზიდენტის გამოსვლის განხილვის ფორმატის თაობაზე გრძელდება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და საბოლოო გადაწყვეტილებას, 5 თებერვალს, პარლამენტის ბიურო მიიღებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტში გამოსვლის შესახებ დღეს მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ოპოზიციისგან კონსტრუქციულ ნაბიჯს ელოდება.

მიხეილ სააკაშვილი:  მინდა ეს გამოსვლა კონფრონტაციული არ იყოს. მინდა შეხვედრა და დებატები კონსტრუქციულ რეჟიმში ჩატარდეს. ეს არ არის მორიგი ტრიბუნა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეჩხუბოთ ან ხელები დავუგრიხოთ. იქნებ გარკვეულ საკითხებზე საერთო ენა გამოვნახოთ. ყველაფერზე ბუნებრივია ვერ შევთანხმდებით, რადგან უმეტეს საკითხებზე ჩვენი შეხედულებები განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა. თუმცა ქვეყანა რომ უნდა შევინარჩუნოთ ამაზე ჩვენი შეხედულება არ განსხვავდება. 

მიხეილ სააკაშივლმა ეს განცხადება ბათუმში ყოფნისას გააკეთა. პრეზიდენტი დღეს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად იმყოფებოდა, მან თანაგუნდელებთან ერთად მშენებარე ობიექტები დაათვალიერა.