
ივანიშვილის კოალიცია იშლება
14:05:01     01-02-2013
ივანიშვილის კარზე დიდი ალიაქოთია, კოალიციაში „სიამ-ტკბილობით“ თანაარსებობის პერიოდი ვიცე-პრემიერობიდან ირაკლი ალასანიას მოხსნით დასრულდა და ღიად დაიწყო ალასანიას თანაგუნდელების დევნა.
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუერთდება „ეროვნული ფორუმი“, ეჭვ ქვეშ დგას „რესპუბლიკელების“ საკითხიც. „ოცნებელები“ უკვე ღია დაპირისპირებაზე გადავიდნენ და მეტიც, ივანიშვილის კარზე აღზევებულმა დავით საგანელიძემ დაუფარავად განაცხადა, რომ შს სამინისტრო მათ თვალყურს ადევნებს და ამოწმებს...
ივანიშვილის მარჯვენა ხელმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას თანამდებობა დაატოვებინა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსს, ზაზა პეტრიაშვილს, რომელიც ალასანიას თანამოაზრე და თანაგუდელია.
შს სამინისტროში რამდენიმე საკადრო ცვლილება მანამდეც განხორციელდა, პოლიციის მაღალჩინოსნებს თანამდებობები უცერემონიოდ დაატოვებინეს. მათთვის უცნობი იყო გათავისუფლების მიზეზი, თუმცა, ახლა, როცა ღიად გაცხადდა ალასანიას ჩაძირვის გეგმა, ნათელი გახდა, რომ შს სამინისტროს ალასანიას ან შს მინისტრის მოადგილედ დანიშნული ალასანიას კადრის - ლევან იზორიას რეკომენდაციით დანიშნული თანამდებობის პირები ჩამოაცილეს.
გუშინ ალასანიას ღიად დაუპირისპირდა პარლამენტის ვიცესპიკერი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი დავით საგანელიძე და „თავისუფალ დემოკრატებს“ პარტიიდან ზოგიერთი წევრის გარიცხვა მოსთხოვა.
მართალია „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საგანელიძეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია არ უხსენებია, მაგრამ მისი პარტიიის წევრები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციის მოწყობაში ღიად დაადანაშაულა.
საგანელიძე სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, რომ აბაშის რაიონულ ორგანიზაციაში მომხდარი ინციდენტი „თავისუფალ დემოკრატების“ წევრების პროვოცირებული იყო.
მისი თქმით, აბაშაში ჩატარებულ კონფერენციას პარტიის 81 წევრი ესწრებოდა, პარტიის 79 წარმომადგენლის მხარდაჭერით, ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი გვილავა იქნა არჩეული, თუმცა, კონფერეციის შემდეგ 20-მდე ადამიანმა პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ გვილავა არ უნდა აირჩიათ.
დავით საგანელიძე: „დღეს ეს 20 კაცი ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტთან შეიკრიბა და ვასახელებ მათ გვარებს: ვაჟა ლიპარტია, დავით რუსია, როლანდ შონია, ინგა ჩაგანავა, თორნიკე ქარცივაძე, ნუნუა და ასე შემდეგ. ლიპარტია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, "თავისუფალი დემოკრატების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, დავით რუსია - აბაშის რაიონის "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე, შონია როლანდი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის იურისტი, ჩაგანავა ინგა – ადამიანი, რომელიც იყო "ლეიბორისტული პარტიის" წევრი.
ჩვენ ასევე ამოვიღეთ სურათები და ვნახეთ, რომ ამ პროცესებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იყვნენ. შესაძლოა ეს ხალხი თავად "თავისუფალ დემოკრატებშიც" ჩანერგილია. ამიტომ მე მივმართავ მათ, გარიცხონ ისინი პარტიიდან, ხოლო თუ არ იქნებიან გაგდებულები, ჩავთვლი, რომ ამას პარტია აკეთებს!
რას ნიშნავს, როცა "თავისუფალი დემოკრატების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სხვა ორგანიზაციის კონფერენციაზე შუშებს ამტვრევს, კარს კეტავს და ორგანიზაციის წევრებს შესვლის საშუალებას არ აძლევს?!
ახლა გეტყვით რა მოხდა ხონის რაიონში, აქ ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩევნები ისეთი ციფრებით წააგო, რომელსაც არ ველოდით. მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი კანდიდატი სანოძე ყოველ საღამოს ინფორმაციას აკაკი ბობოხიძეს აბარებდა. იგივე სანოძე ივანიშვილის დაცვის წევრის, სურმავას ცოლის დის ქმარი აღმოჩნდა.
როცა ჩვენ ბევრი რამ გავარკვიეთ, თუ რატომ წავაგეთ ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქი, სად გაგვყიდეს, სად იყო შემოგზავნილი ხალხი, "ნასედკები", ვუთხარით, რომ შენ პარტიაში აღარ იქნები და შეგცვლის ვინმე სხვა, მათ კი ჩართეს ყველა მექანიზმი.
ხონში 200 კაცი სოფლებიდან მოკროავტობუსებით ჩამოიყვანეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ "არ მისცემენ დავით საგანელიძეს უფლებას, მზითევში წაიღოს ხონი". როცა მათი სურათებიც ამოვიღეთ, ვნახეთ, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მთელი პარტაქტივი იყო.
უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა საჯარო განცხადებამდე დავით საგანელიძეს მათთან ესაუბრა.
ზურაბ აბაშიძე: „თავისუფალი დემოკრატების" წევრების სხვადასხვა პროცესში რაღაცა ფორმით მონაწილეობის საკითხი ჩემთვის ცნობილი არ არის. მე ამას ვიგებ საჯაროდ, დათოს მხრიდან. უმჯობესი იქნებოდა, პრევენციის თვალსაზრისით, რომ ჯერ კომუნიკაცია შემდგარიყო, მაგრამ დავითმა ასე ჩათვალა საჭიროდ და ამიტომაც საჯაროდ გავიგეთ მისგან. დათოს დიდი ხანია ვიცნობ და არ მგონია, კომუნიკაციის რაიმე პრობლემა ყოფილიყო, მაგრამ ალბათ, ვინმესთან იყო კიდეც საუბარი, ამას გავარკევ“.
კოალიციის მარტივ-მამრავლებად დაშლის წინაპირობად განიხილება „ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებაც. გუბაზ სანიკიძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბლოკში გაწევრიანებას არ აპირებს. კულუარებში ამის მიზეზად წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს ასახელებენ. კოალიციასთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ივანიშვილი სანიკიძეს შეურაცხყოფას არ პატიობს და ამიტომაც აითვალწუნა.
მეტიც, ივანიშვილმა ალასანიას მსგავსად, გუბაზ სანიკიძის გარემოცვის დევნაც დაიწყო. 29 იანვარს, ბათუმში დაკავებული შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ემირიძე სწორედ „ეროვნული ფორუმის“ წევრი გახლდათ.