გიგა ახვლედიანს იჭერენ...

  13:25:01     01-02-2013

ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს, ალასანიას კადრ გიგა ახვლედიანს საქმე ცუდად აქვს. მას შემდეგ, რაც ახვლედიანი, ივანიშვილის რჩევით, ფინანსთა მინისტრმა ხადურმა ფინანსური პოლიციის უფროსის პოსტიდან მოხსნა, პროკურატურაში მისი კორუმპირებული ვნებების შესახებ ალაპარაკდნენ. 

გიგა ახვლედიანი ფინანსურ პოლიციაში ირაკლი ალასანიას რეკომენდაციით დაინიშნა. მისი მოვალეობა კი, ძირითადად, საქართველოს რეგიონებში ნაციონალური მოძრაობის წევრების, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების დაშინება-დაშანტაჟება იყო. 

ახვლედიანი კურირებდა რეგიონებში ნაციონალი გამგებლებისა და სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკების გადაბირება-დაპატიმრების საქმეებსაც. თუმცა, როცა ივანიშვილმა ალასანია „ნიჩაფზე“ შემოსვა, ახვლედიანიც საბოლოოდ „ჩამოალაბორანტეს“. დღეს ის ფინანსური პოლიციის უფროსი აღარ არის...

ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „პრესა.ჯი“-ს უთხრეს, რომ გიგა ახვლედიანი „ამ ეტაპზე დაქვეითებულია“. „ის სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს“, - აცხადებენ პრესცენტრში. ხადურის პრესცენტის წარმომადგენლებმა ჯერჯერობით არაფერი იციან იმაზე, თუ კონკრეტულად სისხლის სამართლის რომელი მუხლით შეიძლება „წამოიკიდონ“ ალასანიას „ჩამოლაბორანტებული“ კადრი... 

„პრესა.ჯი“ დაუკავშირდა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურსაც, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე, ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, გიგა ახვლედიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არაა.

თუმცა, მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე ისეთ ფაქტზე, რომელიც შესაძლოა, ფინანსური პოლიციის მოქმედ თუ ყოფილ მაღალჩინოსნებთან იყოს დაკავშირებული. 

„პრესა.ჯი“ ცდილობდა დაკავშირებოდა ბატონ ახვლედიანსაც, მაგრამ როგორც მისი გარემოცვა აცხადებს, ალასანიას ეს ჩამოქვეითებული კადრი ახლა დეპრესიაშია და მედიის წარმომადგენლებთან არ კონტაქტობს.

შესაბამისად, ვერ გავარკვიეთ ახვლედიანის მოსაზრება იმის თაობაზე - თუ რატომ ერჩის მას ხადური და მთავარი პროკურორი... თუმცა, იმის გამო რომ ახვლედიანი ალასანიას კადრია და იმის გამოც, რომ მის კორუმპირებულ გაქანებებზე უკვე აქტიურად საუბრობენ, ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი, მალე, შესაძლოა, „ვირის აბანოში“ აღმოჩნდეს.