„Human Rights Watch“: დაპატიმრებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსგავსება

  12:07:59     01-02-2013

ახალმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვა პრიორიტეტად უნდა გამოაცხადოს, თავი უნდა აარიდოს შერჩევითი სამართლის გამოყენებას, გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაზარდოს გამჭვირვალეობა. ამის შესახებ რეკომენდაციები „Human Rights Watch“-ის გამოქვეყნებულ 2013 წლის მსოფლიო ანგარიშშია მოცემული. მასში წერია, რომ  ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა,  უნდა უზრუნველყოს საზოგადოების მხრიდან მისი საქმიანობის მაქსიმალური კონტროლი და პრიორიტეტად უნდა გამოაცხადოს ყველაზე მძიმე დარღვევების გამოძიება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით საქართველომ პირველად შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ოპოზიციურმა გაერთიანება ,,ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, დაამარცხა პრეზიდენტი სააკაშვილის მმართველი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მოიპოვა უმრავლესობა პარლამენტში და ახალი მთავრობა დააკომპლექტა.

როგორც ჰიუ უილიამსონი, „Human Rights Watch“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი ამბობს: „მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული წინასაარჩევნო ვითარებისა, ქვეყანამ მაინც მოახერხა სამოქალაქო არეულობის თავიდან აცილება და ყოფილმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა, მაგრამ ახალმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას ძალუძს ადამიანის უფლებათა დაცვა და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება“.

თავის 665 გვერდიან ანგარიშში ”Human Rights Watch”-მა შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული პროგრესი 90-ზე მეტ ქვეყანაში. აქ მოხვდა სკანდალური ციხის კადრების  თემაც, რაც ძველი ხელისუფლების უარყოფით აქტივადაა მოხენიებული. თუმცა, ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული დაპატიმრებები ანგარიშსწორებას ემსგავსება. „საქართველოს ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ 7 000-ზე მეტი საჩივარი მიიღო წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ათეულობით ყოფილი თანამდებობის პირისა და მათთან დაკავშირებული მოხელის წინააღმდეგ. დღესდღეობით ოცზე მეტი ადამიანია დაკავებული. უცხოელმა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და დაპატიმრებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსგავსება.“

”Human Rights Watch”-მა განაცხადა, რომ ახლა, როცა ამ საქმეების სასამართლო განხილვები უნდა დაიწყოს, ახალმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა დაკავებულ პირს ჰქონდეს საპროცესო ნორმებით განსაზღვრული ყველა უფლებით სარგებლობის საშუალება და რომ სასამართლო განხილვა მკაცრად აკმაყოფილებდეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო ნორმებს.

ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სასამართლო განხილვების საჯაროობა.  საზოგადოებრივი კონტროლი, რის განხორციელებასაც საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი ვალდებულებები მოითხოვს, დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანის უფლებები დაცული იქნება და, შესაბამისად, საქართველო უახლოესი წარსულიდანაც წინ გადადგამს ნაბიჯს”.

ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტი ანგარიშის თანახმად, უნდა გახდეს საპატიმროებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის აღკვეთა. უნდა გაატაროს აგრეთვე რეფორმები საქართველოს ადმინისტრაციული პატიმრობის სისტემაში, ნათქვამია ”Human Rights Watch”-ის ანგარიშში.

,,პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა უზრუნველყოს თავისუფლებააღკვეთილ პირთა სათანადო სამართლებრივი დაცვა და მისცეს მათ საშუალება, რომ მათი საქმე სამართლიან სასამართლოზე იქნეს განხილული, მიუხედავად იმისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არიან ისინი მიცემული თუ ადმინისტრაციულში. სანამ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სისტემა ადამიანებს სათანადო სამართლებრივი პროცედურების უფლებებით არ უზრუნველყოფს, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისგან”, - აღნიშნა უილიამსონმა.

”Human Rights Watch” აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სპეციალური მექანიზმის შექმნის საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, სპეციალიზებული უწყება, რომელიც შეისწავლის გასულ წლებში მართლმსაჯულების ხარვეზებს და აღმოფხვრის მათ. ამ უწყებას უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის კოლეგიებში მართლმსაჯულების ხარვეზების შემთხვევათა შესწავლის უფლებამოსილება და თუ იგი მიიჩნევს, რომ საქმეში სამართლიანი სასამართლოს ნორმები იქნა დარღვეული, უნდა შეეძლოს მისი გადაცემა სააპელაციო სასამართლოსთვის.