ივანიშვილმა კანცელარიის თანამშრომლებს დეკემბერში პრემიის სახით ასობით ათასი ლარი დაურიგა

  21:57:21     31-01-2013

'ლიბერალი' მთავრობის კანცელარიის თანამშრომლების მიერ, გასულ წელს, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მიღებულ პრემიებზე ინფორმაციას აქვეყნებს.

გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ივანიშვილმა თავის თანამშრომლებს ათიათასობით ლარი დაურიგა.

'ლიბერალი' წერს: 'მთავრობის კანცელარიის თანამშრომლების ნაწილმა დეკემბერში პრემიები რამდენჯერმე აიღეს. ნაწილმა ორჯერ, ნაწილმა კი - სამჯერ.

ბრძანებებს ხელს კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი აწერს, რომელმაც დეკემბერში პრემის სახით 12 390 ლარი მიიღო. 10 დეკემბერს 6 195, ხოლო 21 დეკემბერს იგივე ოდენობის თანხა გამოიწერა.

ბრძანებების მიხედვით, 10 დეკემბერს, 21 დეკემბერს და 28 დეკემბერს მაია ცქიტიშვილმა პრემიები “სამსახურებრივ მდგომარეობათა სანიმუშო შესრულებისთვის, ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის” გათვალისწინებით გამოყო.

აღმოჩნდა, რომ 20 დღეში რამდენიმე ადამიანს პრემია სამჯერ ჩაერიცხა. მაგალითად, შალვა თადუმაძემ 10 დეკემბერს 5 175, 21 დეკემბერს - 5075  ხოლო 31 დეკემბერს 625 ლარი პრემია აიღო.

ნოდა ყანდიაშვილმა პრემიის სახით 10 და 21 დეკემბერს 3750ლ - 3750 ლარი მიიღო, ხოლო 28 დეკემბერს 625 ლარი.

მანანა თოქმაჯიშვილს 10 დეკემბერს 2200, 21 დეკემბერს 1800 ჩაერიცხა, ხოლო საახალწლოდ 625ლ.

მაია მენაღარიშვილმა 10 დეკემბერს 1367, 21 დეკემბერს 3367 ლარი , ხოლო 28 დეკემბერს 625 ლარის ოდენობის პრემია აიღო.

გაიოზ თალაკვაძეს 10 დეკემბერს - 3118, 21 დეკემბერს 5607, ხოლო 28 დეკემბერს - 625 ლარის პრემია გამოუწერეს.

ანა გოჩაშვილმა 10 დეკემბერს 2200, 21 დეკემბერს 1800, ხოლო 31 დეკემბერს 625 ლ მიიღო.

სამჯერ აიღო პრემია სოფიო სიჭინავამაც - ჯამში 4725 ლარი, გიორგი გეგეჭკორმა - ჯამში 5 ათას ლარამდე, გიორგი შველიძემ კი 5100 ლარი.

ორჯერ აიღო პრემია ვალერიან გორგილაძემ - 21 დეკემბერს 6525 და 31 დეკემბერს 625ლ.

როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, 10 დეკემბერს დაგვიანებით დაირიცხა ნოემბრის თვის სახელფასო დანამატი.

“რაც შეეხება 21 დეკემბერს დარიცხულ თანხებს, ეს იყო დეკემბრის თვის სახელფასო დანამატი, 31 დეკემბერს კი საახალწლო - პრემია”.

ჯამში 20 დღეში მთავრობის კანცელარიაში 340 ათას ლარზე მეტი პრემია გამოწერეს.

დოკუმენტების მიხედვით, კანცელარიის უფროსი პრემიების გაცემისას პრემიერ - მინისტრის 2012 წლის პირველი ნოემბრის ბრძანებას დაეყრდნო.  ბრძანება პრემიების გაცემის შესახებ ვებ-გვერდზე განთავსებული არ არის.'

წყარო