
შსს-ში, „რესპუბლიკური“ პარტიის პოლიტ-გეგმების შესასწავლად სპეც-სამმართველო შეიქმნა
14:28:26     31-01-2013
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ივანიშვილის ინიციატივითა და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების ე.წ. რებრენდირებულ დეპარტამენტში, „რესპუბლიკერთა“ მომავალი პოლიტიკური გეგმების შემსწავლელი სპეც-სამმართველო შექმნეს.
გასაიდუმლოებული სპეც-სამმართველოს თანამშრომლების ერთადერთი დავალება, „რესპთა“ (და გარემოცვის) მოსმენა-თვალთვალი და მათი მომავალი პოლიტიკური გეგმების დეტალური შესწავლაა. სამმართველოს თანამშრომლები, 24 საათიან რეჟიმში ცდილობენ დაადგინონ - რა აქვთ ჩაფიქრებული პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, მის მეუღლეს, თინა ხიდაშელს, ძმებ ბერძენიშვილებს, ვახტანგ ხმალაძეს, დავით ზურაბიშვილსა და სხვებს.
ინსტრუქციის მიხედვით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვების შემთხვევაში, სამმართველოს უფროსმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შს სამინისტროს ხელმძღვანელობას. შესაბამისად, შს მინისტრი, „რესპუბლიკერთა“ ღია თუ ფარული გეგმების შესახებ, საქმის კურსში ჩააყენებს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.
გასაიდუმლოებული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ „რესპთა“ შესწავლა-თვალთვალი დაკავშირებულია ივანიშვილის იმ გადაწყვეტილებასთანაც, რომელიც საქართველოს საგარეო ვექტორის ჩრდილოეთისკენ შებრუნებას გულისხმობს.
ივანიშვილი და ღარიბაშვილი ეჭვობენ, რომ კოალიციაში, ყველაზე მეტად, სწორედ „რესპუბლიკური პარტია“ გამოიწვევს პრობლემებს, რამაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა და საკანონმდებლო ორგანოში, ძალთა ბალანსის ნაციონალური მოძრაობის სასიკეთოდ გადანაწილება გამოიწვიოს.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შსს-ში, მათი პარტიის პოლიტ-გეგმების შესწავლის მიზნით სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ, საქმის კურსში არ არის. თუმცა, მისი თქმით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, პარტია ოფიციალურ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.
„კომენტარზეც მაშინ დამირეკეთ. ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი, რამდენად რეალურია ინფორმაცია, ასეთი სპეც-სამმართველოს შექმნის თაობაზე“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს კორესპონდენტს, ლევან ბერძენიშვილმა.
ჩვენ დავუკავშირდით შს სამინისტროს პრესამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანსაც. ქალბატონი გიორგობიანი ირწმუნება, რომ შსს-ში მსგავსი სამმართველო არ შექმნილა. „ასეთ საკითხზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ, ძალიან გთხოვთ“, - გვითხრა მან.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონ გიორგობიანს ვერც ექნებოდა ინფორმაცია გასაიდუმლოებული, სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ, რადგან პრესსამსახურის უფროსს ხელი არ მიუწვდება იმ ინსტრუქციებზე, რომლითაც სპეცსამსახურები მუშაობენ. ქალბატონმა გიორგობიანმა კი, ჩვენი ინფორმაციის მინისტრთან გადამოწმება არ ისურვა.
შესაბამისად, უცნობი დარჩა შს მინისტრის პოზიცია. თუმცა, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ღარიბაშვილის უწყებას, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრთა მოსმენა-თვალთვალი და სპეც-სამმართველოს შექმნა დაედასტურებინა.