კურტანიძის კაბინეტში მომხდარ იცნიდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

  14:30:38     31-01-2013

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც გიორგობიანმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა მომხდართან დაკავშირებით ყაზარაშვილი უკვე დაიკითხა. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნა მან. ცნობისთვის ეს მუხლი ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა კურტანიძემ საკუთარ კაბინეტში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს თემურ ყაზარაშვილსა და ფედერაციის სხვა წევრებს.

ამასთან ტელეკომპანია, ‘’რუსთავი2“- ის ინფორმაციით დაზარალებულმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ყარაზაშვილს მარცხენა კიდურზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. მომხდარის გამო ჭიდაობის ფედერაციაში ლუკა კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ.