ხადურის ახალი თავსატეხი...

  14:58:46     29-01-2013

პოლიტიკური ანგარიშსწორებები გრძელდება, ‘’ქართულ ოცნებას’’ ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებმა შეაცვლევინა აზრი და ვერც ევროსაბჭომ. ახალი ხელისუფლების მთავარი საქმე კვლავ ძველი ჩინოვნიკების დევნაა.

ჯერჯერობით სასამართლოზე ხელისუფლებამ გავლენა ვერ მოიპოვა, თუმცა იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ მალე შეცვლის სასამართლო სისტემას. წულუკიანი აცხადებს, რომ ეს ის ოცნებაა, რომელსაც მალე აიხდენს, სწორედ რომ მნიშვნელოვანი ოცნება, რადგან კბილაშვილ-ღარიბაშვილ-ხადურის წვალებით დაჭერილი ჩინოვნიკები გირაოს შეფარდებით საპატიმროებს ტოვებენ და მათ თავიდან, ახალ-ახალი ბრალდების შეთითხვნა უწევთ, რომ ისინი ციხეში შეაბრუნონ. ასე მოხდა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის შემთხვევაშიც... 

ცეზარ ჩოჩელისთვის საპატიმრო ღონიძიების შერჩევამდე თეა წულუკიანი მოსამართლეს ფაქტობრივად პირდაპირ მიუთითებდა, რომ არ გამოეყენებინა მისთვის ნაკლებად მძიმე საპატიმრო ღონისძიება და ამას წულუკიანი ‘’ობიექტურობით’’ ფუთავდა, თუმცა ცეზარ ჩოჩელმა საპატიმრო დაწესებულება 200 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. შესაბამისად, ხადურის უწყებას საქმე გაურთულდა და ახლა ჩოჩელის კომპანია ‘’ბერტაში’’ გაუხდა შესაგზავნი თავისი თანამშრომლები, რომლებსაც მსგავსი დატვირთვით მუშაობა ფინანსური პოლიციის შექმნის დღიდან არ ახსოვთ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია „ბერტაში“ გუშინ შევიდა.  

როგორც „პრესა.ჯი“-ს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, შემოწმება მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის საქმიანობას უკავშირდება.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმების დასრულებამდე დამატებითი კომენტარის გაკეთებისკენ თავს იკავებენ.

მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს სამართალდამცავებმა ბრალი 337-ე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს. გამოძიება მას  სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.