‘’ლენტა.რუ’’: მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის

  11:39:26     29-01-2013

'მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის' ამ სათაურით სტატიას რუსული გამოცემა „ლენტა რუ“ აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ რუსულ მიმართულებას ქართულ პოლიტიკაში, თბილისის ახალი ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ ერთი მომხრე გამოუჩნდა ვალერი ხაბურძანიას სახით, რომელმაც გასულ კვირას საქართველოში პრორუსული პარტიის შექმნა დააანონსა და როგორც „ლენტა რუ“  წერს, საზოგადოებას შეახსენა, რომ იცნობს „ფსბ“-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს, რომელთანაც „საერთო ენის გამონახვის“ მზადყოფნაც გამოთქვა.

საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ხაბურძანიას მსგავსი პერსონის პოლიტიკაში გამოჩენას რუსული გამოცემა სრულიად ლოგიკურად მიიჩნევს და ამას იმით ხსნის, რომ ივანიშვილის მთავრობამ რუსეთთან დაახლოების კურსი გამოაცხადა. და მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილის შესახებაც განაცხადა, როგორც „ლენტა რუ“ წერს, ამის შანსები საკმაოდ ბუნდოვანია. ერთ-ერთ მიზეზად კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოუგვარებელ კონფლიქტებს ასახელებს, რაზეც, სტატიის ავტორის თქმით, იმავე ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო აეხსნა, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას.

სტატიის ავტორი განმარტავს იმ განცხადებასაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას გააკეთა, როცა სომხეთი სამაგალითო ქვეყნად დაასახელა ევროსტრუქტურებთან და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. როგორც „ლენტა რუ“ წერს, ივანიშვილის განცხადება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა არ მიილტვის ნატოსკენ და რუსეთის ოფიციალური მოკავშირეა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში, ასევე ნიშნავს იმას, რომ ათავსებს თავის ტერიტორიაზე რუსულ ბაზებს.

„საქართველოს მხრიდან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ  უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. კერძოდ, გაათავისუფლეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ჯაშუშობაში იყვნენ ბრალდებულები: ახალმა ხელისუფლებამ ისინი პოლიტპატიმრებად სცნო და ამნისტიით გაუშვა. გარდა ამისა, საქართველოს საკაბელო ქსელებმა განაახლეს რუსული ტელეარხების ტრანსლირება, მთავრობაში კი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში სპეცწარმომადგენლის პოსტი შემოიღეს“ - წერს გაზეთი.

სწორედ ამას უკავშირებს რუსული გამოცემა იმას, რომ საქართველოსკენ გაიწიეს ისეთმა პირებმა, როგორებიც არიან აქამდე „რუსეთში მსხდარი“ ყოფილი ჩინოვნიკები: „მხედრიონის“ ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი, კახა თარგამაძე, იგორ გიორგაძე, რომელიც ოფიციალურად, როგორც „ლენტა რუ“ განმარტავს, ახლაც ძებნაშია.

გაზეთი რიგი არასამთავრობოების გააქტიურებაზეც მიუთითებს, ისეთების, რომლებიც ნატოში საქართველოს შესვლის წინააღმდეგნი არიან, რომლებმაც ოკუპაციის მუზეუმის დახურვა მოითხოვეს და საერთოდაც, სურთ, რომ აღარ გამოიყენებოდეს ტერმინი „ოკუპანტი“.

რუსი  პოლიტოლოგის ანდრეი ეპიფანცევის შეფასებით, ვალერი ხაბურძანიას ახალი პარტია „კრემლის პროექტი“ იქნება. მისი თქმით, ხაბურძანიას პროექტი „ეპატაჟზეა გათვლილი“ და მას სარგებლობის მოტანა შეუძლია ახალი მთავრობისთვის. რადგან ხაბურძანიას პარტიამ შეიძლება საკუთარ თავზე მიიღოს ის შეტევა, რომელიც იმ ადამიანებისგან აქვს ახალ ხელისუფლებას, ვინც სქართველოში მუდმივად „მოსკოვის ხელს“ ეძებს.

და ბოლოს, გაზეთი იხსენებს თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის გამოთქმას: „მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“ და წერს, რომ ასეთი შეხედულების მქონე ადამიანებისგან საქართველოს ხელისუფლება განსხვავებას ინარჩუნებს, თუმცა მხოლოდ ჯერჯერობით.