მიხეილ სააკაშვილი: ეს არის რუსეთის ახალი გეგმა

  19:18:29     28-01-2013

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დევნილ მოსახლეობასთან და სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები მიმოიხილა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, დღევანდელმა ხელისუფლებამ სახელმწიფო ამბოხში მონაწილე პირებს ამნისტირებულთა სტატუსი მიანიჭა. სიაში შეიყვანა რუსეთის ჯაშუშები, პრეზიდენტის თქმით სეპარატისტებსაც თავისუფლად შეიყვანდნენ ამ სიაში და გამოიყვანდნენ მათ პოლიტიკურ გმირებად.

მიხეილ სააკაშვილმა ხაჩალიანის ციხიდან გამოშვების ფაქტის კომენტირებისას ჯავახეთში ჩატარებული სამუშაოები მიმოიხილა.

მიხეილ სააკაშვილი: მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ხმაურის გარეშე ჯავახეთში ვაშენებდით ქართულ სახელმწიფოს. არავის გეწყინოთ, მაგრამ თუ ანგრევთ ქართულ სახელმწიფოს ამაზე ხმას ამოვიღებ, როცა ვაშენებდი ამ რეგიონს არავის ვაყვედრიდი ამ ყველაფერს.  ამ რეგიონს თბილისამდე მოსასვლელი გზა არ ქონდა, ეს გავაკეთეთ. ვაშენებდით გზას, რომ ჯავახეთს პირდაპირი გასასვლელი ჰქონოდა აჭარაში.

ქვეყნის პირველმა პირმა ქუთაისში, პარლამენტის გადატანის აუცილებლობაზე ამჯერად დევნილებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან ცდება ის, ვისაც გონია, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანა მიტინგების შიშით იყო ნაკარნახევი.

მისი თქმით, ქუთაისი უნდა ყოფილიყო იმ გზის შემკვრელი, რომელიც ჯავახეთს ევროპასთან დააკავშირებდა.

სააკაშვილი პრემიერის განცხადებას, აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შესახებაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამას ის მხოლოდ ამ რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ დასთანხმებოდა.

"დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ გავხსნათ რკინიგზა აფხაზეთზე. რკინიგზა მხოლოდ ერთი პირობით - აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად შეიძლება გაიხსნას. თუ დეოკუპაცია არ მოხდა, ეს აფხაზეთში ოკუპანტების ყოფნას დააკანონებს. 1991 წელს გული გამინათდა, როცა მატარებლით შემოვედი და მესაზღვრეები ქართულ ფორმაში დამხვდნენ. ვიდრე ამ კითხვაზე პასუხი არ გაიცემა, იქამდე აფხაზეთის რკინიგზა ევროპაზე გამსვლელი ვერ იქნება. ეს ზოგიერთისთვის კავკასიის დაპყრობის, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვებისა და ირანზე გასვლის პლაცდარმი იქნება. რატომ ვართ ჩვენ პაიკი ჩვენთვის ძალიან მძიმე რუსეთისთვის ძალიან მარტივ სტრატეგიულ თამაშში? ეს არ არის შეთქმულების თეორია, ეს არის რუსეთის ახალი გეგმა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს“,– განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამნისტია ქვეყნის წინსვლას შეაჩერებს.

‘’ახალი მთავრობის განცხადება, რომ საშიში დამნაშავეები არა მათ, არამედ ამნისტიამ გაუშვა, მიუღებელია. ბატონებო, ამნისტიის შესახებ კანონი საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო“,– დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისი გუნდი რეგულარულად უხსნიდა ივანიშვილის გუნდს, რომ ამნისტიით რიგი პატიმრები არ გამოეშვათ.

„ბოკერია კვირაობით უხსნიდა შს მინისტრს, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანების ციხიდან გამოშვება, იგივეს აკეთებდა დათო ბაქრაძე დავით უსუფაშვილთან, მე კი ვესაუბრებოდი ბიძინა ივანიშვილს, ხაჩალიანი არ გაუშვა-მეთქი, სხვა კრიმინალებს კიდევ მოევლებოდა, მაგრამ ამ ადამიანებს უკან ვერ შეუშვებენ“,– განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ჯავახეთის რუსებისგან გასათავისუფლად მას და მის გუნდს 2 წელიწადი დასჭირდა.

„მე ვაიძულე რუსეთი, ჩავაყენე ისეთ სიტუაციაში, რომ ამ ტერიტორიიდან გაეყვანა ჯარი, იგივე მოხდა აჭარაშიც, მაგრამ ეს არავის უგრძვნია და გაუგია. ალბათ, უნდა გველაპარაკა ამაზე ხმამაღლა, რომ როგორც ‘’ციყვი ბორბალზე’’ ერთ ადგილას არ გვეტრიალა,– განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.

სააკაშვილის თქმით, მისი დიდი სურვილი იყო ეთნიკურად სომეხ ქართველებს ესწავლათ ქართულ სასწავლებლებში. ამიტომ შეიქმნა პროგრამაც, თუმცა ხელისუფლებამ ხაჩალიანის გამოშვებით ქართველ მოხალისეებს, რომლებიც სომხებს ქართულ ასწავლიდნენ, მკაფიო მესიჯი გაუგზავნა.

„რას ვეუბნებით ეთნიკურად სომეხ ხალხს, ვინც ქართული სახელმწიფოს ნაწილია, იმას, რომ ახლა ეს ბანდიტი მათ დაატერორებს? მინდა დავსვა კითხვა ვინ დაიცავს მათ? უნდა ვიყოთ ფრთხილად“– განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.