ნიკა ლომინაძის გახსნილი მკვლელობა ბათილად გამოცხადდა

  18:07:13     28-01-2013

”ბატონო გიორგი, თქვენ ხართ ეჭვმიტანილი 2002 წლის 13 აგვისტოს ”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში. თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული დუმილის უფლება. შეგიძლიათ იყოლიოთ ადვოკატი. ყველაფერს, რასაც თქვენ განაცხადებთ, გამოყენებული იქნება თქვენს საწინააღმდეგოდ სასამართლოში” - ამ სიტყვებით მიმართა 2006 წლის 7 მარტს სპეციალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ”თბილგაზის” მმართველ გია გვიჩიანს.

გამოძიების მასალებით, მკვლელობა, რომლის ორგანიზებაშიც გია გვიჩიანს ედებოდა ბრალი, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა. ”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე საკუთარ ბინაში, ბახტრიონის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული, ხელფეხშეკრული იპოვეს. შემთხვევის ადგილას ხელუხლებელი იყო ყველა ძვირფასი ნივთი, გაჩხრეკილი იყო მხოლოდ უჯრა, სადაც ლომინაძე სამსახურის საბუთებს ინახავდა. ამ გარემოებამ გააჩინა ეჭვი, რომ მკვლელობა ლომინაძის საქმიანობას უკავშირდებოდა...

მოწმე, რომლის ჩვენებაც შს სამინისტრომ მაშინ გაავრცელა ყვებოდა: ”ნიკა ლომინაძის მოცილება უნდოდა გია გვიჩიანს, რაღაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, უნდოდა მოცილება ნიკა ლომინაძის და მთხოვა, რომ ვინმეს ვიცნობდი თუ არა, ვინც ამაზე ხელს მოაწერდა და ფულს გადაიხდიდა, ნებისმიერ ფულს გადავიხდიო, რა... მე ვნახე ერთი ნიკა ჩემია და ვუთხარი ესე-ესეა და მეთქი ფულს იხდიან-მეთქი, რამდენსაც მოითხოვ იმდენს-მეთქი, ოღონდ ეს პიროვნება-მეთქი უნდა მოკლათ-მეთქი, რა, და თუ ხარ-მეთქი ამის გამკეთებელი-მეთქი. კიო... შემდეგ მივედი გიასთან, მეთქი 20 ათას დოლარს ითხოვენ-მეთქი, რაზეც - პრობლემა არ არისო...”

თუმცა, დღეს ნიკა ლომინაძის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია, ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "ეი ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის - ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა, დავით ნიკოლაიშვილმა განაცხადა:

'საზოგადოებისთვის ცნობილია 2002 წელს ეი-ეს თელასის მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის  შესახებ. 2006 წელს მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა და მასზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ეი-ეს თელასის ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთს და შემსრულებლებს შორის და ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი, როგორც მკვლელობის უშუალო ჩამდენნი.

გიორგი გვიჩიანის დაპატიმრებას, შემდგომ მის გასამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით საფუძვლად დაედო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - ნოდარ გვიჩიანის მამხილებელი ჩვენება მკვლელობის შეკვეთის შესახებ, რის სანაცვლოდ ამ უკანასკნელს, ჩადენილი ჰქონდა რა განსაკუთრებით მძიმე სხვა დანაშაულებიც, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან; გიორგი გვიჩიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ასევე საფუძვლად დაედო მკვლელობის თანამონაწილეების ავთანდილ ხერკელაძის და გიორგი პაპაჩაშვილის არაპირდაპირი ჩვენებები მკვლელობის შეკვეთის შესახებ, რომელთაც ასევე გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები - ა. ხერკელაძეს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ. პაპაჩაშვილს 5 წელი პირობითი მსჯავრი. მკვლელობის შემსრულებლის სტატუსით გასამართლებულმა მესამე პირმა ნიკა ჩემიამ დანაშაული არ აღიარა და გიორგი გვიჩიანის მსგავსად მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მომართა გიორგი გვიჩიანის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა და მოითხოვა ამ საქმეზე აშშ-ში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების გადაცემა. ადვოკატის ამ მოთხოვნის შესრულების მიზნით მოხდა საქმის შესწავლა, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

საქმის გამოძიებისას, 2006 წლის 6 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებაში დაინიშნა  ბიოლოგიური  და  დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა სადაც შედარებითი გამოკვლევისთვის გაიგზავნა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული  თითის ანაბეჭდების დაქტილოფირები, სიგარეტის ორი ცალი ნამწვი, ლომინაძის ტანსაცმელი და ბრალდებულების ნიკა  ჩემიას, ავთანდილ  ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის, ნოდარ გვიჩიანის ნერწყვის, თმის და თითის ანაბეჭდების ნიმუშები.

2006 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროდან შემოსული, 31 მარტით დათარიღებული  დასკვნით გამოირიცხა მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ სიგარეტის ნამწვზე  მკვლელობის შემსრულებლების - ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის და ნოდარ გვიჩიანის დნმ-ის არსებობა, თუმცა აღნიშნული დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო და საქმე ამ დასკვნის გარეშე იქნა სასამართლოში წარმართული. საქმეს ასევე არ დაერთო მტკიცებულებად 2006 წლის 8 თებერვლით დათარიღებული დასკვნა ლაბორატორიაში წარდგენილ მასალაზე თმის და ბოჭკოების არარსებობის და კვლევის არჩატარების შესახებ. შესაბამისად, ამ დასკვნების გამოკვლევის გარეშე 2006 წლის 15 აგვისტოს დადგა საქმეზე გამატყუნებელი განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლოში.

გარდა აღნიშნულისა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამ ეტაპზე გაურკვეველ დროს შემოსულია 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ორი ანაბეჭდი არ წარმოადგენს მკვლელობის შემსრულებელთა - ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის და ნოდარ გვიჩიანის თითის ანაბეჭდებს. არც აღნიშნული დასკვნა არ დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და არ წარდგენილა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2007 წლის აპრილის განაჩენით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამრთლოს განაჩენი.

ზემოდასახელებული ექსპერტიზის დასკვნები ზრდის ვარაუდს იმის შესახებ, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულ პირებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ. ასეთი ვარაუდი კიდევ უფრო საფუძვლიანი ხდება, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქართულმა სასამართლოებმა გია გვიჩიანი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის დამნაშავედ სცნო მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი ჩვენების საფუძველზე, იმ პირის ჩვენების საფუძველზე, რომელმაც ამ ჩვენების სანაცვლოდ თავისუფლება მოიპოვა.

აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგას საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენების ობიექტურობაც, რამეთუ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა დადებოდა. მოცემულ შემთხვევაში კი ზემოხსნებული ექსპერტიზის დასკვნები გია გვიჩიანისა და მკვლელობაში მსჯავრდებულ სხვა პირთა უდანაშაულობის სასარგებლოდ მეტყველებენ.

ვინაიდან სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს საქართველოს პროკურატურას ხელთ გააჩნდა ეს მტკიცებულებები, რომლებიც თავის დროზე არ ყოფილა სასამართლოში წარდგენილი ამიტომ, სასამართლოში შესაბამისი შუამდგომლობით - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შუამდგომლობით - მიმართვის მიზნით ხსენებულ ექსპერტიზის დასკვნებს გადავცემთ გია გვიჩიანის ინტერესების დამცველ ადვოკატს.

საქართველოს პროკურატურა ბოდიშს უხდის ნიკოლოზ ლომინაძის ოჯახის წევრებს მათთვის ესოდენ მტკივნეული, ტრაგიკული ამბის გახსენებისთვის და პრაქტიკულად იმის აღიარებისათვის, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია. თუმცა პროკურატურა ვალდებულია გადაამოწმოს ყოველგვარი ეჭვი და საქმეზე დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება.

იმისათვის, რათა დადგინდეს თუ რატომ არ დაერთო ექსპერტიზის დასკვნები სისხლის სამართლის საქმეს, მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების  მუხლით (332-ე) გამოძიების დაწყების თაობაზე.'